ახალი ამბები

საქართველო რუსეთთან “ორმხრივ ფორმატში“ მოლაპარაკების ინიციატივით გამოდის

მას შემდეგ, რაც რუსეთმა თბილისთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით საერთაშორისო შუამავლობაზე უარი განაცხადა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მზადყოფნა გამოხატა თავის რუს კოლეგას შეხვდეს და დავა “ორმხრივ ფორმატში“ მოაგვაროს.


თუმცა, ოფიციალური პირები მოსკოვში აცხადებენ, რომ მაღალი დონის შეხვედრის წინაპირობა უნდა გახდეს თბილისის უარი ანტირუსულ პოლიტიკაზე. 


რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა რეგიონალური ურთიერთობების საკითხებში მოდესტ კოლეროვმა 9 ოქტომბერს ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაღალი დონის შეხვედრამდე უნდა დადგინდეს, რომ საქართველო მზად არის შეწყვიტოს “მტრული ქმედებები“ რუსეთის მიმართ.  


“პრობლემა სადმე ჩასვლა კი არ არის, არამედ შეხედულების გადახედვაშია. საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, თუ ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯებს, არამედ ურთიერთობების სისტემის მოფიქრებაში“, – განაცხადა კოლეროვმა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს “სურს რუსეთთან პრობლემები ორმხრივ ფორმატში მოაგვაროს… რუს ხალხთან არაფერი გვაქვს საკამათო“.


თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას ქართველ დეპორტირებულთა საკითხზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს.


საქართველო რუსეთს იმ ქართველების უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებს, რომელთა დეპორტაციაც რუსეთმა განახორციელა. 


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი სერგეი მირონოვი 10 ოქტომბერს მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის მუქარა ევროპის სასამართლოსთან დაკავშირებით საწინააღმდეგოზე მეტყველებს.


ამავდროულად, ოფიციალურ თბილისს რუსეთ–საქართველოს შორის არსებულ კრიზისზე ევროკავშირის რეაქციამ იმედი გაუცრუა.   


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, “ზოგჯერ, მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ძალიან ფრთხილ განცხადებებს აკეთებს … დროა, უფრო ხმამაღალი განცხადებები გაკეთდეს“.   


“ვფიქრობ, რომ ყველა საერთაშორისო სტრუქტურა – გაერო, ევროკავშირი და ევროპული ქვეყნები –  უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა ამ საკითხში“, – განაცხადა მან.


ამასობაში, ოფიციალურმა მოსკოვმა გააფრთხილა თბილისი, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში რუსეთი შესაბამის რეაგირებას მოახდენს. 


8 ოქტომბერს რუსულ ტელეკომპანიებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი განზე არ დადგება, თუ თბილისი სამხედრო კამპანიას დაიწყებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ და რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებულნი. 


რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა მოდესტ კოლეროვმა 9 ოქტომბერს ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ “აგრესიას აგრესიითვე უპასუხებენ“. 

Back to top button