ახალი ამბები

რუსეთი გაეროში აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოზე ზეწოლას ახდენს

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები თვითგამოცხადებულ აფხაზეთში, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.


რეზოლუციის პროექტი ასევე შეიცავს მოწოდებას საქართველოსადმი შეწყვიტოს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ფუნქციონირება ზემო კოდორის ხეობაში. ამ მთავრობის შტაბბინა, რომელსაც სოხუმი “მარიონეტულს და უკანონოს“ უწოდებს, კოდორის ხეობაში 27 სექტემბერს გაიხსნა.


რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რეზოლუციის პროექტი ასევე შეიცავს მოთხოვნას ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ჯარების გაყვანის თაობაზე.


ამასობაში, საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა “ჯერ ვერ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება მოგვარების პროცესის ნაწილი გახდეს, თუ პრობლემის ნაწილი“, – იტყობინება “როიტერი“.


“სავსებით ნათელია, რომ რუსი სამშვიდობოები არ წარმოადგენენ მიუკერძოებელ ან საერთაშორისო ძალას. ეს არის ძალა, რომელიც მუშაობს მხარეების ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებაზე“, – განაცხადა ალასანიამ.          


მან ასევე მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საზღვაო წვრთნები საქართველოს საზღვრის სიახლოვეს. მისი თქმით, ეს წვრთნები რეგიონში მშვიდობას საფრთხეს უქმნის და გაეროს წესდების დარღვევაა.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button