skip to content
ახალი ამბები

ივანოვი: რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას არ აპირებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას, იუწყება “რია ნოვოსტი“.


“ჩვენ მუდმივად ვუხსნით ჩვენს პარტნიორებს, რომ რუსეთის დადანაშაულებას ცდილობენ იმაში, რომ მას საქართველოს გარკვეული ტერიტორიების ანექსია სურს. ჩვენ არ გვინდა და არც ვაპირებს არაფრის ანექსიას. ჩვენ გვინდა, რომ გაყინული კონფლიქტები და არა მხოლოდ კავკასიაში არსებული, არამედ ბალკანეთში, კვიპროსზე, გადაწყდეს ყველასთვის გასაგები ერთი წესით და სტანდარტით“, – განაცხადა ივანოვმა სლოვენიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდებით მოგვარების გზა აირჩია, რაზეც რუსეთი წინააღმდეგობას უწევს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 90% რუსეთის მოქალაქეა, დასძენს სერგეი ივანოვი.


სლოვენიაში სერგეი ივანოვი ნატო–რუსეთის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს, სადაც მან ასევე გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველო იარაღის აქტიურ შეძენას ეწევა.


28 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნატოს ცალკეული წევრები “ახალგაზრდა ევროპიდან“ ამარაგებენ საქართველოს იარაღით.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button