
კოდორი ხეობა მთავრობის ყურადღების ცენტრშია
გაეროს ეგიდით და რუსი სამშვიდობო ძალების მონაწილეობის გარეშე კოდორის მონიტორინგი და ხეობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაჩქარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება.
15 აგვისტოს უცხოელ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თბილისი ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგში რუსი სამშვიდობოების მონაწილეობის წინააღმდეგია.
თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი მანჯგალაძის განცხადებით, რუსეთის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ შევიდნენ გაეროს მონიტორინგის ჯგუფში, რომელსაც ზემო კოდორის ხეობის პატრულირების დაწყება 20 აგვისტოდან შეეძლება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საგარეო უწყების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს კოდორის ხეობაში არსებული ვითარება და მონიტორინგთან დაკავშირებით თბილისის პოზიცია გააცნეს.
ქართული მხარე აცხადებს, რომ მას აქვს იურიდიული უფლება უარი უთხრას რუს სამშვიდობოებს ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგში მონაწილეობაზე ქართული და აფხაზური მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვში 1994 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულებაში ნათქვამია: „სამშვიდობო ძალების და საერთაშორისო დამკვირვებლების დანაყოფების და ქვედანაყოფების გადაადგილება უსაფრთხოების ზონის გარეთ არსებულ ტერიტორიებზე შეთანხმებული უნდა იქნას მხარეებთან“. კოდორის ხეობა „უსაფრთხოების ზონაშ“ არ შედი.
ქართული მხარე თავის უარს „მორალური შეხედულებებითაც“ ხსნის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოდორის ხეობის ადგილობრივი მაცხოვრებლები რუს სამშვიდობოებს „აგრესორებად და სეპარატისტული რეჟიმის მხარდამჭერებად“ მიიჩნევენ.
„[ქართული მხარე] წინააღმდეგია, რომ მონიტრინგში მონაწილეობა მიიღონ რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ისინი არ არიან ობიექტურები და თავიანთ მანდატს ვერ ასრულებენ“, – განაცხადა უცხოელ დიპლომატებთან გამართული შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა კუდავამ.
თუმცა 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ „კოდორის ხეობაში ერთდროულად უნდა განხორციელდეს სამშვიდობო ძალების და საერთაშორისო დამკვირვებლების რეგულარული პატრულირება“. სწორედ ამ დებულებას ეყრდნობიან რუსული და აფხაზური მხარეები, როდესაც მონიტორინგის ჯგუფში რუსი სამშვიდობოების ჩართვას მოითხოვენ.
დსთ-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენელმა ვლადიმერ ანიკინმა 15 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო „ინტერფქასს“ განუცხადა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა და გაეროს დამკვირვებლებმა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ქვემო კოდორის ხეობის ერთობლივი პატრულირება დაიწყო.
ამასობაში, 15 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც მინისტრებს ხეობის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება და ოქტომბრამდე ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა დაავალა.
მან შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად, რეაბილიტაციის პროცესის გაკონტროლება, ხოლო მთავრობას კოდორის ხეობაში „ახალი მინი-ქალაქის“ შექმნა დაავალა.
„საჭიროების შემთხვევაში აეროპორტი სამ კვირაში, ხოლო ქალაქი – ერთ თვეში უნდა ააშენო“, მიმართა სააკაშვილმა მერაბიშვილს.
„აღმშენებლობის პროცესის დაწყების ტემპი არ მომწონს, სიჩქარე უნდა ავკრიფოთ… ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს… ერთ თვეში, ან მაქსიმუმ თვენახევარში კოდორში ახალი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს… კოდორში თვენახევარში ისეთი აღმშენებლობა უნდა იყოს, რომ დანარჩენმა აფხაზეთმა დაინახოს – ის, რაც მათ 11 წლის განმავლობაში ვერ გააკეთეს, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის ტერიტორიის ამ სტრატეგიულ ნაწილში ერთ თვეში გააკეთა“, – განაცხადა სააკაშვილმა.