ახალი ამბები

თბილისი მოსკოვის პოზიციას კოდორის ხეობასთან მიმართებაში მწვავედ აკრიტიკებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებები კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 


კარასინმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კოდორში ვითარებას შეგნებულად ძაბავს, როცა ხეობაში შეიარაღებული ძალები შეჰყავს და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის იქ “ჩანერგვას“ აპირებს.


“იმ საკითხის გადაწყვეტა, კანონიერი ხელისუფლების თუ რა სტრუქტურები განლაგდება კოდორის ხეობაში, საქართველოს შიდა საქმეა და ქვეყნის მთავრობა იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც თვლის მიზანშეწონილად აფხაზეთის ამ ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია აქვს აფხაზეთის, საქართველო სეპარატისტულ მმართველებსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


სამინისტროს განცხადებით, სწორედ რუსეთი აწარმოებდა წლების მანძილზე ე.წ. რუსეთის მოქალაქეების “ჩანერგვას“ აფხაზეთში, რათა “შემდეგ მათი უფლებების დაცვის მოტივით უხეშად ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში“.


“ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ [კარასინის] განცხადებას “აფხაზეთის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის გაბედული პოზიციის სრული მხარდაჭერის“ თაობაზე, აღვიქვამთ როგორც სეპარატისტების ლიდერის მიერ კოდორის ხეობაზე კონტროლის ძალის გამოყენებით აღდგენის შესახებ აგრესიული გეგმების ღია მხარდაჭერას“, – აცხადებს საგარეო უწყება.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თბილისს საფუძვლიანი ეჭვი უჩნდება,  რომ რუსეთის ხელისუფლება, “საზოგადოებრივ აზრზე“ დაყრდნობით, ამზადებს ნიადაგს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით.


“გვსურს ყველას განუმარტოთ, რომ აგრესიული ქმედებები საქართველოს წინაღმდეგ ვეღარ განხორციელდება იმ სცენარით, როგორც ეს მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში. თუ რუსეთი, ბატონი გ. კარასინის განცხადების თანახმად, “თავის როლს ხედავს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მაქსიმალურ ხელშეწყობაში“, ეს შანსი მას ნამდვილად აქვს“, – აცხადებს საგარეო უწყება.            


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button