skip to content
ახალი ამბები

სოხუმი უარყოფს გუდაუთის სამხედრო ბაზაზე დამატებითი შეიარაღების შეტანას

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა უარყო გუდაუთის სამხედრო ბაზაზე დამატებითი შეიარაღების შეტანის შესახებ ინფორმაცია, იუწყება 7 ივლისს “აფსიპრესი“.


6 ივლისს “რია ნოვოსტი“ ვაშინგტონში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ცოტა ხნის წინ გუდაუთის რუსულ სამხედრო ბაზაზე ახალი სამხედრო ტექნიკის შეტანა დაიწყო.


“ეს წერტილი კიდევ უფრო მილიტარიზებული ხდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებთან ერთად ამჟამად გუდაუთის ბაზის დახურვაზე მუშაობს.


“მიხეილ სააკაშვილს შეუძლია გამოიგონოს რაც უნდა“, – აცხადებს სოსნალიევი.


აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ–ს ეგიდით განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტიგენტის პრესსამსახურის უფროსის ვლადიმერ ანიკინის ინფორმაციით, გუდაუთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რომელიც “2001 წელს დაიხურა“, ამჟამად სამშვიდობო ძალების დაცვისა და მომარაგების 130 სამხედრო მოსამსახურე და 4 ვერტმფრენია განთავსებული.

ოფიციალური თბილისი ეჭვქვეშ აყენებს გუდაუთის სამხედრო ბაზის დახურვას და საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას მოითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button