ახალი ამბები

ეკა ხოფერია თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს

პოლიტიკური თოქ-შოუ “თავისუფალი თემის“ ყოფილმა წამყვანმა ეკა ხოფერიამ 7 ივლისს განაცხადა, რომ მის მიერ 6 ივლისს გადაცემის მსვლელობისას გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა მასზე ზეწოლას ახდენდა.


ეკა ხოფერიამ 6 ივლისს გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იგი ტოვებს “რუსთავი 2“-ს, რადგანაც არ სურს “მიუღებელი“ მოთხოვნები შეასრულოს.


6 ივლისის გადაცემის განხილვის თემას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე წარმოადგენდა. ეკა ხოფერიამ თოქ–შოუში განაცხადა, რომ მას შსს–ს კონსტიტუციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსისთვის დათა ახალაიასთვის კითხვების დასმა გადაცემის მსვლელობისას სურდა და არა ბოლოში. ახალაიას გირგვლიანის ნათესავები, ოპოზიციური პარტიები და ადამიანის უფლებათა დამცველები მკვლელობის დაკვეთაში სდებენ ბრალს.


ეკა ხოფერიას განცხადებით, იყო “რამდენიმე მოთხოვნა და თხოვნა“ ხელისუფლების მხრიდან, რომ დათა ახალაია ყოფილიყო გადაცემის ბოლო სტუმარი. თუმცა, ხოფერიამ არ დაასახელა ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც მას “მოთხოვნებს“ უყენებდნენ.


“გადაცემის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, მე ტელეფონით მატყობინებენ, რომ დათა ახალაია უნდა იყოს ბოლო ამ გადაცემაში – ბუნებრივია, ვერ დავასახელებ ამ პიროვნებას“, – განაცხადა ხოფერიამ, თუმცა უარყო , რომ ეს პიროვნება შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო.


მიუხედავად იმისა, რომ ხოფერიას თქმით, იყო “მოთხოვნები და თხოვნები“, მან ეს ზეწოლად არ შეაფასა. 


“ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ზეწოლა. ეს იყო მოთხოვნა, რომელიც ჩემთვის არის მიუღებელი“, – დასძინა მან.


მან კიდევ ერთხელ გაიმეორა გადაცემის დროს გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ ის კვლავ ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.


“ჩემი აზრით, როდესაც ჟურნალისტი ამბობს ასე პირდაპირ თავის პოზიციას, მას არ შეუძლია თოქშოუ “თავისუფალი თემა“ წაიყვანოს“, – განაცხადა ხოფერიამ. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button