ოფიციალური პირები გასახლებული დევნილების გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გიორგი ხევიაშვილმა და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავიამ 3 ივლისს ტელეკომპანია იმედის თოქშოუში “პირველები“ ერთმანეთი გააკრიტიკეს ხელისუფლების იმ პოლიტიკის გამო, რომელიც აჭარის სასტუმროებიდან დევნილთა გამოსახლებას ეხებოდა.
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ ასევე გააკრიტიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება დევნილთა გამოსახლების დროს “ძალის“ გამოყენების გამო .
ივნისის ბოლოს სპეცდანიშნულების რაზმმა იძულებით გამოასახლა ათობით დევნილი ბათუმში მდებარე სასტუმრო “მესხეთიდან“. სასტუმრო ყაზახურმა ბანკმა “ტურანალემმა“ შეიძინა. ინვესტორი სასტუმროში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს 7 000 აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდას დაპირდა. ნაწილმა მათგანმა აიღო ფული, დანარჩენებმა კი მეტი მოითხოვეს, ან აცხადებდნენ, რომ თანხის მიმღებთა სია არასწორად იყო შედგენილი და ზოგიერთი ოჯახი კომპენსაციის გარეშე დარჩა.
საქართველოს ხელისუფლებაზე გაბრაზებულმა 50-მდე დევნილმა განაცხადა, რომ ისინი უარყოფდნენ საქართველოს მოქალაქეობას და აფხაზეთის ხელისუფლებას აღიარებდნენ. თუმცა, ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდა.
“რაც მოხდა ბათუმში და ძალის გამოყენება [დევნილთა წინააღმდეგ] იყო [აჭარის] ადგილობრივი ხელისუფლების სისულელის და სისუსტის გამოხატულება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გამონახო საერთო ენა საკუთარ ხალხთან“, – განაცხადა ხაინდრავამ 3 ივლისს.
აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავიამ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დევნილებთან და აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან კონტაქტებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა.
“ეს თქვენი პრობლემაა, თუ კონტაქტების ნაკლებობაა, ჩემი არა“, – უპასუხა გიორგი ხევიაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)