ახალი ამბები

ცხინვალი ქართული საგუშაგოს გადაადგილებას აპროტესტებს

სამხრეთ ოსური მხარე აპროტესტებს სოფელ ფრისთან განლაგებული ქართული პოლიციის საგუშაგოს ცხინვალის მიმართულებით 200 მეტრით გადაწევას, რაც მათი თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მოხდა. 


“ამით ფრისის მოსახლეობას გადაუკეტეს მოძრაობა“, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ 15 ივნისს გავრცელებულ ცნობაში.


საგუშაგოს გადაწევის ფაქტი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის მიზნით გაკეთდა, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა მათზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს.


“რამოდენიმე მეტრით გადაიწია პოსტმა, რათა აღარ მოხდეს მოქალაქეებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება“, – განაცხადა მერაბიშვილმა 15 ივნისს.


სამხრეთ ოსური მხარის ცნობით, სოფელ ფრისის მოსახლეობამ საგუშაგოს გადატანა მშვიდობიანი აქციით გააპროტესტა, რომელიც ცხინვალში ეუთოს ოფისის შენობის წინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პრეტენზიები ასევე გააცნეს ოფისის ხელმძღვანელს რაიან გრისტს.


ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 15 ივნისს ასევე ავრცელელებს ინფორმაციას, რომ სოფელ ნიქოზიდან ცხინვალის მიმართულებით ღამით სროლაც დაფიქსირდა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button