skip to content
ახალი ამბები

პუტინი და სააკაშვილი ურთიერთობების “ნორმალიზებას“ უჭერენ მხარს

პრეზიდენტ სააკაშვილთან სანკტ-პეტერბურგში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის “არ არის ნორმალური“ და საუბარი, რომელიც “ძალიან გულწრფელი“ იყო, მიზნად ისახავს ამ ვითარებიდან გამოსავლის მოძებნას.


“ჩვენ შევთანხმდით მიხეილ ნიკოლაევიჩთან, რომ საქართველომ და რუსეთმა უნდა გადადგან ნაბიჯები ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარების მიზნით კარგი პირობების შესაქმნელად“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 14 ივნისს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. ბრიფინგს წინ უძღოდა მოლაპარაკებები, რომელიც 13 ივნისს ღამის 11 საათზე დაიწყო.


“ჩვენ შევთანხმდით გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთკავშირის მექანიზმი და ჩვენ გავაკეთებთ ამას უახლოეს მომავალში“, – დასძინა მან.


“რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ყველაზე მწვავე პრობლემებზე – ე.წ. გაყინულ კონფლიქტებზე – ბუნებრივია, ამ ხანმოკლე საუბრის დროს, რომელიც ჩვენ შორის შედგა, ეს პრობლემები ვერ მოგვარდება, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ერთობლივად ვიმუშავოთ ამ პრობლემებზე“, – განაცხადა პუტინმა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მთავარი საკითხი სეპარატისტული კონფლიქტებია.


“კონფლიქტებთან დაკავშირებით არსებობს მოუგვარებელი პრობლემები და აგრესიული სეპარატიზმი კავკასიაში, რომელიც არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის. და ბუნებრივია, რომ რუსეთის პოზიციის იმედი გვაქვს, რომელმაც ეუთოს მინისტერიალის სხდომაზე ლუბლიანაში [2005 წლის დეკემბერში] მხარი დაუჭირა საქართველოს სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. და ჩვენ იმედი გვაქვს რუსეთის სხვა პოზიტიური ნაბიჯების და თქვენი პირადი მონაწილეობის, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ყველა არსებული პრობლემის მოგვარებაში, რომლებიც დაბრკოლებებს ქმნიან ჩვენს ურთიერთობებში“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ძალიან კარგია, რომ დრო გამონახეთ ამ შეხვედრისთვის, რადგანაც ბოლო დროს ბევრი მოუგვარებელი პრობლემა დაგროვდა რუსეთ-საქართველოს ურთერთობებში, რაც ჩვენი შეშფოთების წყარო გახდა. ისტორიულად, პრობლემები კავკასიაში ყოველთვის წყდებოდა სწორად და შედარებით უმტკივნეულოდ, მაშინ როცა საქართველო რუსეთთან იყო და როცა მწვავე პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით და ერთობლივი ენერგიით წყდებოდა. სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს ამგვარი კოორდინაცია და ჩვენ გვსურს ამგვარი კოორდინაციის შექმნა“, – დასძინა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button