ახალი ამბები

სოხუმი თბილისის სამშვიდობო გეგმას არ იწონებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 1 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის მიერ შემოთავაზებული პრინციპები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ, სოხუმის ინტერესებს საერთოდ არ ემთხვევა, იტყობინება რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი.“


შამბას განცხადებით, აღნიშნული პრინციპები, რომლებიც კონფლიქტის დარეგულირების ე.წ. საგზაო რუკას უნდა დაედოს საფუძვლად, აფხაზეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს.


“ჩვენ ვერ ვნახეთ ამ დოკუმენტში ისეთი, რომელიც ჩვენი პოზიციების დაახლოებას შეუწყობდა ხელს,“ – განაცხადა შამბამ.


შამბამ ასევე განაცხადა, რომ თბილისმა ბოდიში უნდა მოიხადოს 90–იანი წლების დასაწყისში დაწყებული სამხედრო მოქმედებების გამო და მოხსნას აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადა. მან ასევე დასძინა, რომ კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებისთვის კი საჭირო იქნება, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

თბილისის მიერ მომზადებული პრინციპების დეტალები კვლავაც უცნობია, რადგან დოკუმენტი კონფიდენციალურია.


საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა 2 ივნისს “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ თბილისის სამშვიდობო წინადადებების მიმართ სკეპტიციზმი “არ არის ერთადერთი რეაქცია”.


“ეს უფრო განეკუთვნება ვიღაცის დავალებით უარის თქმას”, – დასძინა გაბაშვილმა.

მისი ინფორმაციით, სამშვიდობო გეგმისა და აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების დატოვების მიზანშეწონილობის შესახებ პარლამენტი ივლისში ერთდროულად იმსჯელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button