ახალი ამბები

ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი ივნისიდან ამოქმედდება

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) დღეს თბილისსა და რეგიონებში ელექტრენერგიის ახალი, სამ საფეხურად დიფერენირებული სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა, რომელიც ძალაში 1 ივნისიდან შევა. 


თბილისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც თვეში 100 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარს 13,48 თეთრს გადაიხდის. 101 კვტ-დან 300 კვტ-ის ჩათვლით  – 16 თეთრს, ხოლო 301 კვტ–სა და მეტზე – 17,69 თეთრს.


რეგიონებში – საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის, “კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ , “აჭარის ენერგოკომპანიის“ აბონენტები 100 კვტ მოხმარებულ ენერგიაზე 12,98 თეთრს გადაიხდიან, 101 კვტ-დან 300 კვტ-ს ჩათვლით – 16,52 თეთრს, ხოლო 301 კვტ–სა და მეტზე – 17,49 თეთრს.


სემეკ-ის ინფორმაციით, თბილისში იმ მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა, რომელიც 100 კვტ/სთ ელექტროენერგიას ან უფრო ნაკლებს მოიხმარს  60% შეადგენს, რეგიონებში კი  – 80%–ს.


სემეკ-ის წევრის ირინა ქავთარაძის ინფორმაციით, თბილისის და რეგიონების ის დასახლება, სადაც არ არის დასრულებული გამრიცხველიანების პროცესი მოხმარებული ენერგიის რაოდენობას პირველი საფეხურის მიხედვით 12, 98 თეთრს გადაიხდის.


სემეკ-ის თავმჯდომარის გიორგი თავაძის ინფორმაციით, ტარიფის ზრდა განპირობებულია ენერგორესურსების და ასევე რუსეთის მიერ მოწოდებულ 1000 კუბამეტრ ბუნებრივ აირზე საფასურის 63 აშშ დოლარიდან 110 დოლარამდე გაზრდით. 


გიორგი თავაძის თქმით, ამ ფონზე ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო. “ეს  უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ ენერგომომარაგებას“, – დასძენს თავაძე.


ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, გასულ წელს გაზით წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობამ საქართველოში 12% შეადგინა, ხოლო დანარჩენი რაოდენობა ჰიდროელექტროსადგურების მიერ იქნა წარმოებული.


“წელს ეს წილი კიდევ უფრო გაიზრდება და თბოელექტროსადგურები 30% აწარმოებენ, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა 70%-ს მიაღწევს”, – განაცხადა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ.   


სემეკ–მა დღევანდელი გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების ლეიბორისტებისა და კონსერვატორების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო.


11 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მთავრობამ 100 მილიონი ლარი გამოყო მომხმარებელთათვის ზამთრის პერიოდში გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების მიზნით. “მაგრამ ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება”, – დასძინა მან.


მისი თქმით, ახალი ტარიფების დაანგარიშება ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ “სწორი გადაწყვეტილება იყო”. 


ენერგეტიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა გაზრდილ ტარიფს დაახლოებით 400,000 სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველი ადამიანისთვის დააფინანსებს საქართველოს მასშტაბით.


“ამ ოჯახებისთვის ტარიფის გაზრდა ნულის ტოლი იქნება”, – დასძინა გილაურმა.  


მისი თქმით, ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში მთავრობამ ქვეყნის ენერგოსისტემის რეაბილიტაციის მიზნით 350 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.


  


 


 

Back to top button