ახალი ამბები

ღვინის თემამ დსთ-ზე დებატები განაახლა

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 11 აპრილს მიანიშნა, რომ საქართველომ შესაძლოა დაიწყოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დატოვების საკითხის განხილვა რუსეთსა და საქართველოს შორის გაუარესებული ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე, მათ შორის ღვინის იმპორტის აკრძალვის გამო. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომლის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ ერთხელ გადაიდო, განაცხადა, რომ დსთ-ს დატოვების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.


ქართული ღვინის იმპორტი რუსეთმა 27 მარტს ხარისხის ნორმებთან შეუსაბამობის მოტივით აკრძალა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2005 წელს საქართველომ რუსეთში 36 მილიონ ლიტრზე მეტი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რომლის საერთო ღირებულებამ დაახლოებით 63 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


11 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უბიძგოს საქართველოს ხელახლა განიხილოს დსთ-ში წევრობის მიზანშეწონილობის საკითხი.


“ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საქართველოს დსთ–ში ყოფნა–არყოფნასთან დაკავშირებით და მუდმივად დსთ–ში ჩვენ ყოფნასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვქონდა ეკონომიკური არგუმენტები და პოლიტიკურად ის არგუმენტი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკურად ამ ფორუმის გამოყენება. ჩვენ დღესაც იგივეს ვიმეორებთ და ვსვამთ ერთ ძალიან სერიოზულ კითხვას და ეს არ არის რიტორიკული კითხვა: თუ ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელთანაც დსთ–ს ქვეყნებიდან რუსეთი სავიზო რეჟიმს აწესებს, თუ ვართ ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც იკრძალება ციტრუსის შეტანა, ჩაის შეტანა, ახლა ღვინის შეტანა, ხვალ ალბათ აიკრძალება ბორჯომის შეტანა, თუ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთის ცალკეულ ძალებში გახმოვანდა, რომ შეიძლება გადარიცხვები აიკრძალოს რუსეთიდან საქართველოში, მაშინ რა აზრი ექნება საქართველოს ამ ორგანიზაციაში ყოფნას?“,  – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მან ასევე ისაუბრა დსთ-ს წევრებს შორის სოლიდარობაზე და ყურადღება გაამახვილა ტაჯიკეთის პოზიციაზე, რომელმაც მისი თქმით, მიმართა რუსეთს, რომ მზადაა რუსულ ბაზარზე ქართული და მოლდავური ღვინოები ჩაანაცვლოს.


“მე მესმის, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს საკუთარი ინტერესების განხორციელება უზრუნველყოს, მაგრამ როგორც მინიმუმ, არაკორექტულია სხვისი ინტერესების ხარჯზე ამის გაკეთება. მე ღვინოების კარგი სპეციალისტი არ ვარ, ასე რომ არაფერი გამიგია ტაჯიკური ღვინის ღირსებებზე… მინდა მოვუწოდო ჩვენს პარტნიორებს დსთ-დან: თუ ნამდვილად ფიქრობთ, რომ ამ ორგანიზაციამ უნდა განაგრძოს ფუნქციონირება, დაინტერესედით იმით, თუ რა ხდება ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 11 აპრილს განაცხადა, რომ საქართველო არ გეგმავს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) გასვლას.


“არა მარტო პარლამენტის წევრები, არამედ ყველა ვართ საკმაოდ კრიტიკული დსთ-ს ეფექტურობის მიმართ. მაგრამ დღეს დსთ-დან გამოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან კარგად მესმის პარლამენტის წევრების და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია. როდესაც ვერც ერთი საკითხის არათუ მოგვარება, არამედ განხილვაც არ ხდება, ეს კრიტიკა გასაგებია“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.


დებატები ქვეყნის დსთ-ში წევრობის მიზანშეწონილობის თაობაზე საქართველოში დროდადრო იმართება. დეკემბერში გამართული ბოლო დებატების დროს, პარლამენტარებმა მიიღეს გადაწყვეტილება და დაავალეს ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ინფორმაცია წარმოედგინათ  საქართველოს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესაძლო ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების თაობაზე.  


30 მარტს სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით დსთ-ში მომხიბვლელი არაფერია, საქართველო შესაძლოა სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე დადგეს ორგანიზაციიდან გამოსვლის შემთხვევაში. მან ახსნა, რომ დსთ-ს დატოვების შემთხვევაში საქართველოს ასევე მოუხდება დატოვოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები დსთ-ს 11 სახელმწიფოსთან და მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შესახებ შეთანხმებები 9 წევრ სახელმწიფოსთან. 


“თუ ჩვენ შევძლებთ ამ ხელსაყრელი რეჟიმების ჩანაცვლებას, თუ მივაღწევთ ორმხრივ შეთანხმებებს თავისუფალ ვაჭრობაზე 11 წევრ სახელმწიფოსთან და თავისუფალ გადაადგილებაზე 9 წევრ სახელმწიფოსთან, ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ იმის განხილვას, თუ რამდენად  მართებული იქნება დსთ-ს დატოვება“, – განაცხადა ბენდუქიძემ.


ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს ქვეყნის გამოსვლას დსთ-დან, მათ შორის დღესაც თანახმაა, რომ 31 მარტს დაწყებული ბოიკოტი შეწყვიტოს, თუკი უმრავლესობა დსთ–დან გამოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის სიფრთხილეს იჩენდა. ეს საკითხი საკმაოდ მგრძნობიარეა ხელისუფლებისთვის, რადგანაც დსთ-ს წევრობის მხარდაჭერა არცთუ მიმზიდველია ამომრჩევლებისთვის. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ “პრაგმატიზმმა უნდა ჩაანაცვლოს ემოციები და პოპულიზმი“ ამ საკითხის განხილვის დროს. დეპუტატები მმართველი პარტიიდან აცხადებენ, რომ ოპოზიცია, საპარლამენტო უმრავლესობასთან და ხელისუფლებასთან ერთად, თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს დსთ-დან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. 

Back to top button