ახალი ამბები

დეპუტატ გელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

დღეს პარლამენტი განიხილავს ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ წევრის, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ვალერი გელაშვილის პარლამენტარისათვის შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის მოტივით უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. 


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა, რომელიც პარლამენტს რეკომენდაციას აძლევს გელაშვილს უფლებამოსილება შეუწყდეს,  კომიტეტის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილემ და საკითხის ინიციატორმა რატი სამყურაშვილმა წარმოადგინა.


თუმცა პარლამენტის დღის წესრიგში საკითხის ჩასმამდე უმრავლესობამ ოპოზიცია პროცედურული ხერხების გამოყენებით საკითხის განხილვის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, ხოლო ოპოზიციამ ოპონენტებს გელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის სწრაფად მიღების მცდელობაში დასდო ბრალი.


კომიტეტის დასკვნის თანახმად, გელაშვილის წინააღმდეგ ძირითადი სამხილი განათლების მინისტრის კახა ლომაიას წერილობითი განმარტებაა, რომლის მიხედვითაც გელაშვილი მინისტრს პირადად შეხვდა, რომლის დროსაც მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ლობირებდა შპს “ევრას“, რომლის აქციების მფლობელიც ვალერი გელაშვილია. მეორე “მტკიცებულება” უკავშირდება თბილისის #84 სკოლის ერთ–ერთ მასწავლებლის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც მას სკოლის კოლექტივის გადაბირების მიზნით შეხვდა ვალერი გელაშვილი, რათა სკოლის თანამშრომლებს არ შეექმნათ შპს “ევრას“ ინტერესებისთვის პრობლემები.


“გელაშვილი მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენდა და ლობირებდა მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, რაც მის მართვაში მონაწილეობას ადასტურებს“, – განაცხადა რატი სამყურაშვილმა.


მესამე პრეტენზია, რომელიც გელაშვილის მისამართით ოფიციალურად გამოითქმის, 2005 წლის მის ქონებრივ დეკლარაციას უკავშირდება. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, გელაშვილი დღემდე პირადად მართავს შპს “ქართლის“ და შპს “ევრას“ წილს, რადგან 2004 წლის 26 სექტემბრიდან არ არსებობს ამ კომპანიების სხვა პირებზე მართვაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად, გელაშვილი “ეწევა სამეწარმეო საქმიანობას“.


თუმცა ოპოზიციამ უარყო გელაშვილის წინააღმდეგ უმრავლესობის მასალებში წარმოდგენილი ინფორმაცია. კერძოდ, ოპოზიციის განცხადებით გელაშვილი მართვაში ვერ გადასცემდა კომპანიას, რომლის დირექტორიც არასოდეს ყოფილა და მინისტრი ლომაია არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა მუნიციპალური სკოლის ბედი.

პარლამენტი გელაშვილის საკითხს დღესვე უყრის კენჭს. თუმცა მისი პარლამენტიდან გაძევების შემთხვევაში, ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტი” აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

Back to top button