ახალი ამბები

გაზსადენის შეკეთების გაჭიანურებასთან ერთად, აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდებაც მცირდება

თბილისის კიდევ რამოდენიმე უბანს შეუწყდა გაზის მიწოდება მას შემდეგ რაც აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზის იმპორტი დღე–ღამეში 2,5–დან 2 მილიონ კუბურ მეტრამდე დაეცა. მანამდე გაზი მხოლოდ თბილისის მოსახლეობის 40%–ს მიეწოდებოდა. 

„ამჟამად საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს 1,9–2 მილიონ კუბურ მეტრ გაზს… შესაბამისად გაზის მიწოდება შეუწყდა წყნეთს, ბაგებს და მთაწმინდის ნაწილს… თუმცა გაზი მიეწოდება მეცხრე ენერგობლოკს, რაც საშუალებას გვაძლევს ელექტრომომარაგების პრობლემები ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ალეკო ხეთაგურმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ოთხშაბათს გვიან ღამით.
 
გაზის მიწოდება მთლიანად შეუწყდათ საქართველოს რეგიონებს მას შემდეგ რაც 22 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენი აფეთქდა.
 
„აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების შემცირების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ამჟამად თავად აზერბაიჯანი განიციდის ბუნებრივი აირის დეფიციტს, თუმცა ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები მაქსიმუმს აკეთებენ და ჩვენ მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ ამ დახმარებისთვის“, – განაცხადა ალეკო ხეთაგურმა.
 
მისი თქმით, ამჟამად ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ბაქოში იმყოფება და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გაზის მოწოდების შესაძლო გაზრდაზე მართავს მოლაპარაკებებს.
 
საქართველომ 3 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის აზერბაიჯანის გავლით მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ორი გაზსადენი აფეთქდა.
 
გაზის ეს რაოდენობა 24 იანვარს 2,5 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა მას შემდეგ, რაც რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვრის რუსულ მხარეს გაზის კომპრესორი დაზიანდა. ამ ინციდენტმა საქართველოში ენერგოკრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
 
ჯერ-ჯერობით კვლავ გაურკვეველია, თუ როდის შეძლებს რუსეთი საქართველოსთვის გაზის მიწოდების აღდგენას.
 
რუსული ტელეკომპანია NTV იუწყებოდა 25 იანვარს, რომ გაზსადენის აღდგენას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება, რადგანაც მილსადენზე დამატებითი დაზიანებები აღმოაჩინეს.
 
„ამრიგად, ჩვენ გადავწყვიტეთ დამატებით კიდევ 9,5 მეტრი მილი გამოგვეცვალა“, – განაცხადა გაზის კომპანია „კავკაზტრანსგაზის“ წარმომადგენელმა იგორ ტკაჩენკომ, თან იქვე დასძინა, რომ გაურკვეველია, თუ რამდენი დრო დასჭირდება ამ სამუშაოებს.
 
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა პრეტენზია იმ გაურკვევლობის გამო, რაც რუსეთიდან გაზის მიწოდების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით არსებობს.
 
„გაზსადენის აღდგენა საეჭვო მიზეზებით ჭიანურდება. გვეუბნებოდნენ [რუსული მხარე], რომ გუშინ გაკეთდებოდა [გაზსადენი]; ეხლა გვეუბნებიან, რომ შეიძლება კიდევ რაღაც პერიოდი ვერ გააკეთონ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 იანვარს.
 
„ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს, რომ ჩვენი სპეციალისტები დაუშვან იქ და ჩვენ დავეხმარებით მათ ამ გაზსადენის უფრო ჩქარა აღდგენაში. თუმცა ჩვენი ექსპერტები არ დაუშვეს ადგილზე”, – დასძინა პრეზიდენტმა.
 
25 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზის მიწოდება შეუწყდა ყაზბეგის რაიონს. ეს საქართველოს ერთადერთი რაიონი იყო, რომელიც სისტემაში ჯერ კიდევ დარჩენილ გაზს დღემდე იღებდა.    
 
საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, ყაზბეგის რაიონში, სადაც ტემპერატურა მინუს 20-ს აღწევს, დიზელის საწვავი უკვე გაიგზავნა.
 
საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის პროკურატურამ გაზსადენების აფეთქებას კვალიფიკაცია შეუცვალა და ახლა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა. თავდაპირველად, რუსეთის პროკურატურამ მომხდარს შემდეგი კვალიფიკაცია მისცა: „ქონების განზრახ დაზიანება.“
 
რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკოლაი შეპელმა განაცხადა, რომ გაზსადენების აფეთქებების შედეგად მიყენებულმა ზარალმა სულ ცოტა 30 მილიონი რუბლი (დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.
 
მისი თქმით, გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ აფეთქებები „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებას ისახავდა მიზნად“.

Back to top button