ახალი ამბები

ტალვიტიე: სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესი შეინიშნება

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ჰეიკი ტალვიტიემ დღეს თბილისში გამართულ პრეს-კონფერნციაზე განაცხადა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით გარკვეული პროგრესი შეინიშნება.


მისი თქმით, უნდა მოხდეს კონფლიქტში ჩართული მხარეების პოზიციების შეჯერება და ამას საფუძვლად „საქართველოს მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა უნდა დაედოს, რომელიც პირველ ეტაპზე რეგიონის დემილიტარიზაციას, ეკონომიკურ რეაბილიტაციას და ბოლოს საკითხის პოლიტიკურ მოგვარებას ითავლისწინებს“. 


„გარკვეული სიფრთხილით, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. კონფლიქტის მოგვარების კუთხით ახლებური მიდგომა შეინიშნება… საჭიროა  გარკევული ხელშეწყობა, რათა წინ წავიდეს საქმე… საჭიროა გარკვეულ რისკებზეც წასვლა… ეს არ არის ადვილი მაგრამ როდესაც არის ახალი მიდგომა მაქსიმალურად უნდა გამოიყენო ეს სიტუაცია“, – განაცხადა ჰეიკი ტალვიტიემ.


ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, პოზიციების შეჯერებისთვის საჭიროა უახლოეს პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა.


ჰეიკი ტალვიტიე თბილისში 23 იანვარს ჩამოვიდა და შეხვედრები გამართა საქართველოს ხელმძღვანელობასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 
 
ჰეიკი ტალვიტიემ, რომელიც ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად 2003 წელს დაინიშნა უკვე დაასრულა ამ თანამდებობაზე მუშაობა. სავარაუდოდ ახალი წარმომადგენელი მომავალ კვირას დაინიშნება. ჰეიკი ტალვიტიეს თქმით, შერჩევა მოხდება უკვე დასახელებული მაღალი დონის ხუთ კანდიდატს შორის.

Back to top button