ახალი ამბები

თბილისი ოდნავ არბილებს ტონს, თუმცა რუსეთთან მორიგი კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 იანვარს რუსეთთან თანამშრომლობის „დადებით მხარეებზე“ ისაუბრა, რაც, როგორც ჩანს, იმის იყო მცდელობა შეერბილებინა რუსეთისადმი წინა დღით გამოთქმული უკიდურესად მწვავე კრიტიკა.
 
სააკაშვილმა თანამშრომლობის დადებით მაგალითებზე გარდაბანში გაზოტურბინის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ამ გაზოტურბინის შესაძენად, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას დამატებიტ 110 მეგავატ ელექტროენერგიას მიაწვდის, რუსულმა „ვნეშტორგბანკმა“ 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
 
„მე ვფიქრობ ეს არის კარგი მაგალითი თანამშრომლობის; ის რაც მოხდა გუშინ [22 იანვარს, როცა გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზი აფეთქდა] ის არის ცუდი მაგალითი ქვეყნების შორის ურთიერთობის. ის რაც ხდება დღეს ეს არის ქართულ-ამერიკულ-რუსული თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ჩვენ მუდმივად გახსნილი ვართ ასეთი კარგი თანამშრომლობისთვის და იმედი გვაქვს, რომ ცუდი მაგალითები აღარ იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  
 
ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში გაზსადენებისა და ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის რუსეთისადმი თავდაპირველი მკაცრი პოზიცია გამართლებული იყო კრიზისის მიმართ მეტი საერთაშორისო ყურადღების მიქცების გამო. თუმცა, ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ პირდაპირ რუსეთის ხელმძღვანელობის დადანაშაულება საქართველოს ხელისუფლების არაორდინალური რეაქცია იყო, რადგანაც ამ აფეთქბებით თავად რუსეთის რეპუტაცია შეილახა.
 
„არა მგონია, რომ ეს აფეთქებები რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა, რადგანაც რაც მოხდა დარტყმა იყო რუსეთის რეპუტაციაზე. თუმცა, შესაძლოა რუსეთში არიან გარკვეული წრეები, ძირითადად სამხედრო ისტებლიშმენტთან დაახლოებულნი, რომლებიც რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეს ძალები იდგნენ ამ ინციდენტების უკან“, – განუცხადა პოლიტიკურმა მიმომხილველმა არჩილ გეგეშიძემ „სივილ ჯორჯიას“.
 
22 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დივერსიული აქტების სერია რუსულმა მხარემ მოაწყო, რათა „საქართველოში დესტაბილიზაციის იმიტაცია“ გამოეწვია და „ხელისუფლების მიმართ ქართული საზოგადოების უკმაყოფილება გაეზარდა“.
 
თუმცა, პოლიტიკური მიმომხილველი შალვა ფიჩხაძე აცხადებს, რომ ამგვარი ქმედებები ქართველებში „ანტი-რუსულ განწყობას“ უფრო აძლიერებს, ვიდრე ხელისუფლებისადმი პროტესტს და „ეს ნამდვილად არ ზის რუსეთის ინტერესებში“.
 
„ამრიგად, მე გამოვრიცხავ, რომ ეს რუსეთის ხელმძღვანელობის ინტერესებში შედის. ეს ალბათ გარკვეულმა ძალებმა დაგეგმეს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსკოვი სრულად ვერ აკონტროლევს სიტუაციას ჩრდილოეთ კავკასიაში და კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, სადაც ეს აფეთქებები მოხდა“, – განუცხადა შალვა ფიჩხაძემ „სივილ ჯორჯიას“.
 
ანალიტიკოსების განცხადებით, ამჟამინდელი კრიზისი გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის. 
 
„ჩვენ ახლა ორი რამ უნდა გვესმოდეს: მეტი უნდა ვიფიქროთ ენერგომომარაგების ალტერნატიულ წყაროებზე, და განსაკუთრებით შაჰ-დენიზის გაზსადენზე, და საბოლოოდ უნდა გავათვიცნობიეროთ რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მაგისტრალური გაზსადენის „გაზპრომისთვის“ მიყიდვა“, – განაცხადა ფიჩხაძემ.
 
ქართული პრესა 23 იანვარს ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარ აფეთქებებს გარკვეულ წილად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ საქართველოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას უკავშირებს. 
 
„ენერგო ომი, რომელსაც რუსეთი გაზის ფასის მანიპულირებით ახორციელებდა, „ცხელ“ ფაზაში გადავიდა, მას შემდეგ, რაც „იდუმლმა ტერორისტებმა“ გაზსადენები ააფეთქეს“, – იტყობინება „24 საათი“, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ქართველმა დეპუტატებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას. 
 
გაზეთი „რეზონანსი“ ასევე წერს, რომ „მწვავე რეაქცია აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო“ რუსეთის მხრიდან, მას შემდეგ რაც ქართველმა პარლამენტარებმა 21 იანვარს განაცხადეს, რომ რუსმა სამშვიდობოემა უნდა დატოვონ სამხრეთ ოსეთი.
 
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის მორიგი ფაზა, სავარაუდოდ, თებერვლის პირველ ნახევარში დადგება.


საპარლამენტო მოსმენა სამხრეთ ოსეთში რუსი სამშვდობოების საქმიანობის შესახებ, წინასწარი ინფორმაციით, 7 თებერვალს გაიმართება. სავარაუდოდ, პარლამენტი დაავალებს მთავრობას 15 თებერვალს დაიწყოს სამშვიდობოთა გაყვანის პროცედურები.
 
რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 23 იანვარს განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანას შესაძლოა რეგიონში ვითარების გამწვავება მოჰყვეს.

Back to top button