
ენერგოკრიზისი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს მორიგ დარტყმას აყენებს
ენერგოკრიზისი თბილისის მომხმარებლისთვის შედარებით შემსუბუქდება, რადგანაც რუსეთმა საქართველოსთვის 22 იანვარს ღამით აზერბაიჯანის გავლით გაზის მიწოდება დაიწყო, თუმცა ეს არ არის საკმარისი რათა რეგიონების გაზმომარაგება იყოს უზრუნველყოფილი.
ამჟამად, საქართველოს აზერბაიჯანის გავლით ყოველდღიურად 3 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება, რაც მხოლოდ დედაქალაქის მომხმარებლისთვის და მე–9 ენერგობლოკის მუშაობისთვისაა საკმარისი. ყოველდღიურად საქართველოს 7 მილიონი კუბური მეტრი გაზი ესაჭიროება.
კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩრდილოეთ ოსეთში 22 იანვარს ორი გაზსადენი აფეთქდა. რუსეთმა უკვე მისცა ინციდენტს „ტერორისტული აქცის“ შეფასება, თუმცა თბილისმა მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ განზრახ „ენერგოსაბოტაჟში“ დაადანაშაულა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამჟამად დაზიანებული გაზსადენების აღსადგენად 24-საათიანი სარეაბილიტაციო სამუშაობი მიმდინარეობს.
მოსკოვის წინააღმდეგ ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთეს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 იანვარს მკაცრი განცხადებები გააკეთა და რუსეთს „უპრინციპო შანტაჟისტი“ უწოდა. მან მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობაში დაადანაშაულა, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ მოუყვანია. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს აშანტაჟებდა რათა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი ხელში ჩაეგდო.
თბილისის ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ისტერია“ უწოდა.
მოგვიანებით, 22 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გარკვეულ წილად შეამსუბუქა მკაცრი პოზიცია და CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „მე არავის არ ვადანაშაულებ. მე მხოლოდ კითხვებს ვსმავ. ეს [აფეთქებები] სულ ცოტა საეჭვოდ გამოიყურება“.
23 იანვარს რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა პრეს-კონფერენცია გამართა და ეჭვქვეშ დააყენა თბილისის ლოგიკა რუსეთისთვის გაზსადენების აფეთქების დაბრალებაში.
მისი თქმით, რუსეთს რომ ნდომებოდა „ე.წ. ენერგოსაბოტაჟის“ მოწყობა, მოსკოვი აზერბაიჯანის გავლით გაზს აღარ მიაწვდიდა საქართველოს.
აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებაზე საუბრისას, საქართველოს ოფიციალური პირები გარკვეულ წილად ერიდებოდნენ იმ ფაქტის ხსენებას, რომ გაზის მოწოდება რუსეთიდან ხდებოდა და მხოლოდ იმას აცხადებდნენ, რომ გაზის მოწოდება შარშან თბილისსა და ბაქოს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
რუსეთის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები ე.წ. „ენერგოშანტაჟის“ თაობაზე „ძალიან მოულოდნელი“ იყო იმ ფართომასშტაბიანი ენერგოინვესტიციების ფონზე, რასაც რუსული კომპანიები საქართველოში ახორციელებენ.
მისი თქმით, ამ ინვესტიციების ერთ-ერთი მაგალითია გაზოტურბინის გახსნა რომელიც 23 იანვარს იგეგმება.
„შესაძლოა ზოგიერთმა თქვენგანმა არ იცის, რომ ამ ორი გაზოტურბინის შესყიდვა რუსულმა მხარემ დააფინანსა. წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, [რუსულმა ბანკმა] „ვნეშტორგბანკმა“ დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა [ამ პროექტზე]. გარდა ამისა, კიდევ სხვა ბევრი ენერგოპროექტი არსებობს“, – განაცხადა ჩხიკვიშვილმა.
22 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა ამ გაზოტურბინის შესახებ, თუმცა პროექტში ჩადებული რუსული ინვესტიციების შესახებ არაფერი უთქვამს. მან მხოლოდ განაცხადა, რომ მოიხედავად იმისა, რომ „არ არის გაზი, ჩვენ მაინც გავხნით ამ გაზოტურბინას ჩვენი მტრების ჯინაზე“.
რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები „ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსულ-ქართული ურთიერთობებზე“.
„ამიტომ ენერგოპროექტებზე მომავალი თანამშრომლობის მიზანშეწონილობა ეჭვის ქვეშ დგას“, – დასძინა რუსმა დიპლომატმა.