
პრეზიდენტი ენერგოდივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს
დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კანცელარიაში გამართულ ენერგეტიკის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის მიღწევაც სისტემის მდგრადობისა და ენერგოწყაროების დივერსიფიკაციის ხარჯზე უნდა მოხდეს.
“ჩვენ მოვახერხეთ მთელი საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგება დეფიციტის გარეშე… ეს ხდება იმ პირობებში, როცა ჩვენ ვართ დიდი დაწოლის ქვეშ. რუსეთმა პრაქტიკულად გამოაცხადა, რომ აპირებს ენერგეტიკული ბერკეტის ამოქმედებით თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას უკრაინაშიც და საქართველოშიც“, – განაცხადა 19 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
2006 წლის 1 იანვრიდან რუსული სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი“ საქართველოს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 110 დოლარად აძლევს, ნაცვლად 63 დოლარისა.
“სამწუხაროდ ეს რეალობაა – გაზის ფასი გაიზარდა ორჯერ… გათვლილია ეს იმაზე, რომ ხალხი აჯანყდება, სოციალური უკმაყოფილება იქნება, გამოვა ქუჩაში და მთავრობას დაამხობს… მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ზამთარში, ყველაზე მძიმე პერიოდში არავისთვის საქართველოში ტარიფმა არ მოიმატოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული გაზი არის პრობლემური და დამოკიდებულია პოლიტიკურ რყევებზე, რომელიც “სულ უფრო სისტემურ ხასიათს იღებს“, საქართველომ რუსეთთან უფრო ცივილიზებული ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბოს, რადგან “შანტაჟის ენით საუბარი აღარ შეიძლება“.
ამავდროულად პრეზიდენტი “სხვა მეზობლებთან“ მოლაპარაკებების გააქტიურების საჭიროებაზეც საუბრობს, რათა ალტერნატიული ენერგო წყაროები იქნას მოძიებული. სააკაშვილის განცხადებით, საქართველო დღეს ტექნიკურად მზად არის მიიღოს ალტერნატიული გაზი აზერბაიჯანიდან.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ ენერგოდერეფნის ნამდვილი ფუნქცია უნდა შეიძინოს და ამ მიმართულებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს აქვს საშუალება ალტერნატიული გაზსადენი გაიყვანოს ევროპაში ცენტრალური აზიის რეგიონიდან. “ახლა უკვე ამას აქვს აზრი, როცა მთელმა მსოფლიომ დაინახა ვისთან [“გაზპრომი“] აქვს საქმე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით იგი უკრაინელ კოლეგასთან ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთან ამზადებს პროექტს, “იმისათვის, რომ ევროპამ ასევე მიიღოს ალტერნატიული დერეფანი“, რომლის მეშვეობითაც შუა აზიური გაზის “უწყვეტი წყარო” კავკასიის, შავი ზღვის ფსკერისა და ასევე თურქეთის გავლით მიეწოდება ევროპას.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა მისი წინამორბედის ედუარდ შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი ბაქო–თბილისი–ერზერუმის გაზსადენის მშენებლობის კონტრაქტი, საიდანაც საქართველო მინიმალური რაოდენობის გაზს იღებს. პრეზიდენტმა ამ კონტრაქტის გადახედვა არ გამორიცხა.
“ჩვენ უნდა ვიმუშავოთ აზერბაიჯანელებთან და თურქებთან, რათა კონტრაქტს გადავხედოთ. საქართველომ მეტი გაზი უნდა მიიღოს მის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენიდან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ბაქო–თბილისი–ერზერუმის გაზსადენი, რომლის საშუალებითაც მოხდება საქართველოს გავლით კასპიური გაზის თურქეთში ტრანსპორტირება, ექსპლოატაციაში 2006 წლიდან უნდა შევიდეს. წინასწარ განსაზღვრულია, რომ საქართველო 20 წლის მანძილზე წელიწადში ნახევარ მლრდ კუბამეტრ გაზს 55 აშშ დოლარად მიიღებს.