
საგარეო უწყება კონფლიქტებსა და სამშვიდობოებზე ლავროვის განცხადებებს პასუხობს
18 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებზე, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებსა და ამ კონფლიქტების ზონებში რუსი სამშვიდობოების მოღვაწეობას ეხებოდა.
17 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კონფლიქტების დარეგულირების საქმეში, რომლიც წინ წასაწევად რუსეთი “ყველაფრის გაკეთებას ცდილობდა“, აუცილებელია ადრე მიღწეული შეთანხმებების დაცვა. მისი თქმით, ეკონომიკური თანაცხოვრებისა და ნდობის აღდგენის პრობლემების მოგვარების გარეშე კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირება რთული იქნება.
“მისასალმებელია, როდესაც ბატონი ლავროვი აღნიშნავს, რომ აუცილებელია მიღწეული შეთანხმებების კეთილსინდისიერი შესრულება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, თუმცა სამწუხაროდ ხშირად სრულიად საწინააღმდეგო მიდგომას ვაწყდებით. ეს გარკვეულწილად ჩანს მაშინაც, როდესაც ბატონი ლავროვი საუბრობს, რომ საქართველოს მხარეს აქვს ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის დარეგულირების რამოდენიმე გეგმა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების კომენტარში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ, ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივებზე დაყრდნობით, მომზადდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა, რომელიც მოიწონა მსოფლიო საზოგადოებრიობამ, მხარი დაეჭირა ეუთო-ს ლიუბლანის სამიტზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ. “სამწუხაროდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეს ფაქტი არ ახსენდება“, – ნათქვამია კომენტარში.
საქართველოში ორივე კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს სამშვიდობოებზე საუბრისას სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ “მშვიდობისმყოფელებმა შესძლეს და კვალავაც უზრუნველყოფენ მშვიდობის შენარჩუნებას და მასშტაბური საომარი მოქმედებების განუახლებლობას“.
თუმცა თბილისი იმას, რომ არ ხდება სიტუაციის სამხედრო ესკალაცია, კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით დარეგულირების შესახებ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას უკავშირებს.
“სწორედ ეს არის შეიარაღებული დაპირისპირების არგანახლების მიზეზი და არა სამშვიდობო ძალების “ეფექტური“ მოღვაწეობა“, – ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სამშვიდობო ძალები აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ.
პარლამენტის დადგენილების მიხედვით, თუ საქართველოს მთავრობა 10 თებერვლამდე სამშვიდობო ოპერაციების შესრულებაში არ აღნიშნავს პროგრესს, კანონმდებლები 15 თებერვლისათვის ცხინვალის რეგიონიდან რუსი სამშვიდობო ძალების გაყვანას მოითხოვენ.