ახალი ამბები

ცხინვალი სამშვიდობოების შესაძლო გაყვანას ომის პროპაგანდად აფასებს

ცხინვალი თბილისის შესაძლო მოთხოვნას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე  ომის პირდაპირ პროპაგანდად მიიჩნევს, იტყობინება 18 იანვარს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


საქართველოს პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, მთავრობამ 2006 წლის 10 თებერვლისთვის უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო პროცესის თაობაზე და თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ პროგრესი არ არის მიღწეული, კანონმდებლები 15 თებერვლიდან სამშვიდობოთა გაყვანის  დაწყებას მოითხოვენ. მთავრობის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში სავარაუდოდ 7 თებერვალს შედგება.


ოსური მხარის განცხადებით, კონფლიქტში ჩართულ არც ერთ მხარეს არ შეუძლია სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა.


“ნებისმიერი ცალმხრივი მოთხოვნა შერეული სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე არის უკანონო, წინააღმდეგობაში მოდის ადრე ხელმოწერილ შეთანხმებასთან… სამშვიდობო ძალების გაყვანა კონფლიქტის მოუგვარებლობასა და ასევე, საქართველოს  აქტიური საომარი მზადების ფონზე, ახალ ომამდე მიგვიყვანს“, – ნათქვამია განცხადებაში.


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული (ქართული, რუსული, ჩრდილოეთ ოსური) სამშვიდობო ძალების განლაგება 1992 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე მოხდა.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button