ახალი ამბები

პარლამენტის დადგენილების მნიშვნელოვანი ვადის მოახლოებასთან ერთად სამშვიდობოთა კრიტიკა მწვავდება

რუს სამშვიდობოთა საქმიანობის შეფასების ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, თბილისი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსული ჯარების კრიტიკას ამწვავებს. თუმცა, ცალკეულმა ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უკვე გააკეთეს განცხადებები იმ პროვოკაციების თაობაზე, რაც შესაძლოა რუს სამშვიდობოთა გაყვანის მოთხოვნას მოყვეს.


საპარლამენტო მოსმენა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებულ რუს სამშვიდობოთა საქმიანობის შესახებ, სავარაუდოდ, 7 თებერვალს გაიმართება. მთავრობის წევრების ანგარიშის მოსმენის შემდეგ, პარლამენტი გადაწყვეტს მოითხოვოს სამშვიდობოთა გაყვანა, თუ არა.


ეს პროცედურა პარლამენტის მიერ 11 ოქტომბერს მიღებული დადგენილებითაა გათვალისწინებული. დადგენილების თანახმად, მთავრობამ 2006 წლის 10 თებერვლისთვის უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო პროცესის თაობაზე. თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ პროგრესი არ არის მიღწეული, კანონმდებლები 15 თებერვლიდან სამშვიდობოთა გაყვანის პროცესის დაწყებას მოითხოვენ.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველოში საღი აზრი გაიმარჯვებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუს სამშვიდობოთა გაყვანის საკითხის განხილვის დროს.


“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში განლაგებული სამშვიდობო ძალები წლების განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობას უზრუნველყოფენ. ყველას უნდა ესმოდეს: როგორ შეიძლება უსაფრთხოების გარანტირება სამშვიდობოთა გარეშე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე 17 იანვარს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 16 იანვარს დაადასტურა, რომ პარლამენტი თავისი დადგენილების ერთგული რჩება.


“თუ იქნება პროგრესი ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ თუ, სამწუხაროდ პროგრესი არ იქნება, საქართველოს პარლამენტი რჩება თავისი დადგენილების ერთგული და ასეთ შემთხვევაში ჩვენ, პრაქტიკულად, 15 თებერვალს, მივმართავთ მთავრობას მოთხოვნით, რომ დაიწყოს სამშვიდობო ძალების გაყვანის პროცედურა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრისას.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ 16 იანვარს ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ დადგენილება თბილისის პოლიტიკის იმ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც კონფლიქტის ზონიდან რუსული ჯარების გაყვანას ისახავს მიზნად.  


“ეს [დადგენილება] იყო კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს თანმიმდევრულ პოლიტიკაში, რათა აეძულებინა რუსი სამშვიდობოები ყველა კანონის და დიპლომატიური ნორმის შესაბამისად დაეტოვებინათ აქაურობა“, – განაცხადა მან.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 4 იანვარს განაცხადა, რომ „როდესაც საპარლამენტო მოსმენის დრო მოვა, ჩვენ [თავდაცვის სამინისტრო] მზად ვართ პარლამენტს ყველა ის საბუთი წარვუდგინოთ, რომელიც ადასტურებს, რომ რუსი სამშვიდობოები არ იმსახურებენ მანდატის გაგრძელებას“.


სამშვიდობოების მიმართ თბილისის კრიტიკა დაფუძნებულია იმაზე, რომ  მათ ვერ შეძლეს მიუკერძოებელი დამკვირვებლების როლის შესრულება და კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციაში წვლილის შეტანა.


ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული ამ განცხადებების შემდეგ, 16 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შერეულმა სამშვიდობო ძალებმა კონფლიქტის ზონიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო აღჭურვილობა ამოიღეს.


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, საზენიტო ტყვიამფრქვევი და მობილური რადიოსადგური  სოფელ დმენისში შერეული სამშვიდობო ძალების და ეუთოს დამკვირვებელთა მიერ 13-14 იანვარს განხორციელებული მონიტორინგის დროს იქნა აღმოჩენილი.


თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ინფორმაცია რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ თბილისის პოზიციას შეარბილებს.


16 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური მარატ კულახმეტოვი არის გაკრიტიკებული. ამ უკანასკნელმა ქართული მხარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სურვილის არქონის გამო გააკრიტიკა.


“რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის მხრივ ამ თემის წამოწევა და არცთუ მართებული პოლიტიკური აქცენტების გაკეთება, ჩრდილს აყენებს მის მიუკერძოებლობას და საერთოდ, სამშვიდობო ოპერაციის არსებულ ფორმატში გაგრძელების მიზანშეწონილობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.


განცხადებაში არაფერია ნათქვამია ინფორმაციაზე სოფელ დმენისში ამოღებული იარაღის შესახებ.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავას მიაჩნია, რომ კონფლიქტის ზონიდან რუს სამშვიდობოთა გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება დეტალურად უნდა იქნას განხილული. 16 იანვარს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ “ხმამაღალი განცხადებების“ გაკეთების სანაცვლოდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი უნდა დაფიქრდეს, რომ სამხრეთ ოსეთის რეგიონი სავსეა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებით და “ჩვენ ნებისმიერ პროვოკაციას უნდა ველოდოთ“.   

მსგავსი/Related

Back to top button