
სოხუმი გალში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაში თბილისს ადანაშაულებს
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა შეშფოთება გამოხატა გალის რაიონში უსაფრთხოების პირობების გაუარესებასთან დაკავშირებით და ქართული მხარე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა, იტყობინებოდა “აფსნიპრესი“ 16 იანვარს.
ბაღაფშმა ეს განცხადება გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მოადგილესთან ივო პეტროვთან სოხუმში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
აფხაზეთის ლიდერის თქმით, ქართული შეიარაღებული ჯგუფები გალის რაიონში ქართული სპეცსამსახურების მფარველობით მოქმედებენ.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ ასევე დაადანაშაულა ქართული მხარე გალის რაიონში მოქმედი კრიმინალური ბანდების მფარველობაში.
“გატაცებების ხშირი შემთხვევები, გამოსასყიდის მიღების მიზნით, არის იქ მოქმედი ქართული სპეცსამსახურების საქმიანობის შედეგი, რაც აფხაზეთის სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, – იტყობინება “აფსნიპრესი“ ხეციას სიტყვებზე დაყრდნობით.
“ჩვენ ვიცით, რომ ამ დანაშაულებს ერთი ჯგუფი ახორციელებს, რომელსაც გალის რაიონის მაცხოვრებელი ხელმძღვანელობს, გვარად კაკულია … იგი “ტყის ძმების“ აქტიური წევრია“, – დასძინა მან.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, “ტყის ძმები“ და სხვა პარტიზანული ჯგუფები გასულ წელს დაიშალა.