ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დადგენილების პროექტი საქართველოს ხელისუფლებისთვის “იმედისმომცემია“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 იანვრის სხდომაზე საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ დადგენილების პროექტს განიხილავს.


დოკუმენტის პროექტში, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ “პოსტ-რევოლუციურმა ეიფორიამ მეტ პრაგმატულობას ჩაუყარა საფუძველი“  საქართველოში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი რეფორმები “სწორი გზით“ მიდის, მათი უმეტესობა ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია და “მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის“.


საქართველოს შესახებ მოხსენება ევროპის საბჭოს მონიტორინგი კომიტეტის თანამომხსენებლებმა მათიას იორშიმ და ევგენი კირილოვმა მოამზადეს.


დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიღწეული პროგრესი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც “იმედისმომცემი“, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების სრული შესრულების გზაზე.


პროექტის თანახმად, პოსტ-რევოლუციური ეიფორია, რომელსაც მოყვა ნაჩქარევი, “ზოგჯერ ქაოსური“ მიდგომა რეფორმების მიმართ “თანდათანობით იცვლება პრიორიტეტების უფრო ნათელი განსაზღვით და უკეთესად განსაზღვრული სტრატეგიით“.


დოკუმენტის პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საპარლამენტო ასამბლეის წინა მოწოდებებს. მათ შორის არის 2004 წლის თებერვალში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების გადახედვა, რომელიც, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვის თანახმად, უდიდეს უფლებებს ანიჭებს პრეზიდენტს; აჭარის ავტონომიური მოდელის გადახედვა; საარჩევნო ბარიერის 7%-დან 5%-მდე შემცირება; კანონმდებლობის მიღება მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, რათა ეს პროცესი 2011 წლისათვის დასრულდეს.


დადგენილების პროექტი ასევე ეხება პოლიტიკურ ოპოზიციას და აღნიშნავს, რომ ოპოზიციას, რომელიც ჯერ კიდევ სუსტია, არ შესწევს უნარი ეფექტური ალტერნატიური პროგრამა წარადგინოს.   


კრიტიკა გაჟღერდა ასევე რეფორმების პროცესში გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, რაც, დოკუმენტის თანახმად, “ხორციელდება საერთო აზრის მქონე წამყვანი პოლიტიკოსების ვიწრო წრის მიერ, ნაცვლად იმისა, რომ ამ პროცესს უფრო ფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდეს“.


დადგენილების პროექტი ასევე აღნიშნავს საქართველოში მედიის ფინანსურ სისუსტეს, რომელსაც არ შესწევს უნარი “დემოკრატიული დამკვირვებლის როლი შესაბამისად შეასრულოს“ და ასევე აკრიტიკებს მედიას “დემოკრატიული კულტურის“ ნაკლებობის გამო.


დადგენილების პროექტი საქართველოს ხელისუფლებას რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპის ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიცირებისკენ მოუწოდებს. პროექტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყონებლივ მიიღოს შესაბამისი იურიდიული დოკუმენტი საკუთრების და მესაკუთრის უფლებების რესტიტუციის ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დროს დაკარგული ქონების კომპენსაციის მიზნით. ორივე ამ ვალდებულების შესრულების ვადა 2005 წლის სექტემბერში გავიდა. 


საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2005 წლის იანვარში მიღებული დადგენილებისგან განსხვავებით, დადგენილების ახალი პროექტი შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი “უზრუნველყოს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების წევრების დამოუკიდებობისთვის“, ასევე “უზრუნველყოს მოსამართლეების შეცვლის სრულიად გამჭირვალე და დემოკრატიული სისტემა“.


კონფლიქტებთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აქტიურად ჩაერთონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.


“ასამბლეა დარწმუნებულია, რომ საქართველოში სიტუაციის სრული ნორმალიზება შეუძლებელია კონფლიქტების მშვიდობიანი და დემოკრატიული მოგვარების გარეშე“, – ნათქვამია დადგენილების პროექტში.


სავარაუდოდ, 24 იანვარს დაგეგმილი დებატების დროს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დეპუტატ გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით, ყურადღებას კონფლიქტების საკითხზე გაამახვილებს.

მსგავსი/Related

Back to top button