Placeholder canvas
ახალი ამბები

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ახალგაზრდა იურისტებს მხარს უჭერენ

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) მხარდასაჭერად დღეს 46–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციამ, კონფლიქტებისა და მოლალაპაკებების საერთაშორისო ცენტრმა და ასევე მასმედიის წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც გმობენ ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას.


განცხადებაში ჩამოთვლილია საია–ს ის წევრები, რომელთა ნაწილიც ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოდის და ამჟამად ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნონა წოწორია, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გია გეწაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა ლეჟავა.


“ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც ერთ დროს ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არასამთავრობო სექტორის ფუნქციიდან გადახვევასა და პოლიტიკურ მიკერძოებაში ურცხვად ადანაშაულებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
საია–ს წევრების ერთმა ჯგუფმა 9 იანვარს ორგანიზაციაში რეფორმები და თავმჯდომარის, ანა დოლიძის გადაყენება მოითხოვა. ორგანიზაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ოპოზიციური “რესპუბლიკური“ პარტიის მიმართ მიკერძოებაში დასდეს ბრალი, რასაც საია-ს ხელმძღვანელობა უარყოფს. ახალგაზრდა იურისტების ყოფილი ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი დღეს “რესპუბლიკური” პარტიის ერთ–ერთი ლიდერია.


“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინააღმდეგ ხელისუფლების გალაშქრება პირდაპირ არის მიმართული არასამთავრობო ორგანიზაციების, დემოკრატიული ინსტიტუტების და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისკენ… ჩვენ ვგმობთ რა ხელისუფალთა ქმედებებს, საჯაროდ ვაცხადებთ, რომ კვლავაც დავიცავთ სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებს და მომავალშიც ვამხელთ ხელისუფალთა უსამართლო და არაკანონიერ ქმედებებს“, – ნათქვამია საქართველოს მედია-კლუბის ინიციატივით შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button