ახალი ამბები

გაერო: ფრინველის გრიპი თურქეთში მეზობელ ქვეყნებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის

ფრინველის გრიპის გავრცელებამ შესაძლოა ფართო ხასიათი მიიღოს თურქეთში, რაც “სერიოზულ საფრთხეს უქმნის მეზობელ ქვეყნებს“, – განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 11 იანვარს.


FAO-მ მოუწოდა მეზობელ ქვეყნებს, საქართველოს ჩათვლით, მზად იყვნენ, განახორციელონ გაძლიერებული კონტროლი და უზრუნველყონ საზოგადოების სრულად ინფორმირება ფრინველის გრიპის საფრთხის შესახებ.


აღმოსავლეთ თურქეთში გასულ კვირას H5N1 ვირუსით სულ ცოტა ორი მოზარდი დაიღუპა, ხოლო 13 ადამიანი საავადმყოფოში იქნა გადაიყვანეს.


საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 11 იანვრის სხდომაზე მთავრობის წევრებმა საქართველოში ფრინველის გრიპის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებზე იმსჯელეს.


“სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სამინისტროების სამსახურები სრულად არიან მობილიზებულები, შესაბამისად, შტაბებია შექმნილი რეგიონებში, გამკაცრებულია საზღვრის გადაკვეთა თურქეთთან და ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ ფრინველის გრიპის გავრცელება  საქართველოში თავიდან იქნეს აცილებული“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია საზღვრებზე, “მაინც არსებობს ერთი პრობლემა, რომელიც სამხრეთ ოსეთს უკავშირდება”.


“ჯერ კიდევ შესაძლებელია კონტრაბანდული ფრინველის შემოტანა რუსეთიდან სამხრეთ ოსეთის გავლით”, – დასძინა ნოღაიდელმა.


სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიხეილ სვიმონიშვილის განცხადებით, დღეისათვის საქართველოში ფრინველის გრიპის გავრცელების საშიშროება არ არის. 


მთავრობამ 2,7 მილიონი ლარის გამოყოფა გადაწყვიტა ფრინველის გრიპის ქვეყანაში გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებზე. ეს 1.9 მილიონი ლარით აღემატება მთავრობის მიერ გასული წლის ოქტომბერში გამოყოფილ თანხას.  


რამოდენიმე დღეა, რაც საქართველოს საზღვრებზე შემოსულ ავტომანქანებს სპეციალური დეზინფექია უტარდება.


ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ არსებობს თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვის საჭიროება.


ქართული მედიის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახურა ფრინველების ბაზარი ქობულეთში.   


ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო სპეციალური ბროშურების გავრცელება, რომელიც ვირუსის და მისი თავიდან აცილების ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. 


საქართველოში მოქმედი მეფრინველეობის ფერმების ხელმძღვანელების თქმით, უკანასკნელი თვის განმავლობაში ფრინველის რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა.   
 
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა 10 იანვარს განაცხადეს, რომ ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას გეგმავენ.


საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, აფხაზეთის ხელისუფლებამ თურქეთიდან და დანარჩენი საქართველოდან ფრინველის იმპორტი აკრძალა. სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, თვითგამოცხადებული რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა ღონეს მიიღებს, რათა თავიდან აიცილოს ფრინველის იმპორტი საქართველოდან.  

Back to top button