skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი უარს აცხადებს შსკ-ს სხდომის თბილისში ჩატარებაზე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა უარყო ქართული მხარის წინადადება ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის თბილისში 18-20 იანვარს გამართვის თაობაზე.


5 იანვარს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას სახელზე გაგზავნილ წერილში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ მას არაგონივრულად მიაჩნია შსკ-ს სხდომის თბილისში ჩატარება “იმ მუქარის ფონზე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მხრიდან სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის მისამართით მოდის“.


ჩოჩიევი შსკ-ს სხდომის ვლადიკავკაზში ჩატარების ინიციატივით გამოდის.


თუმცა, მან ასევე სთხოვა ხაინდრავას დააზუსტოს თბილისის პოზიცია სხდომის დღის წესრიგის შესახებ.


სამხრეთ ოსეთის მხარისთვის გაგზავნილ წერილში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა შსკ-ს სხდომის თბილისში ჩატარების თაობაზე ერთობლივი ქართულ-ოსური ჯგუფის შექმნის მიზნით, რომელიც სამშვიდობო გეგმაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო პროგრამას შეიმუშავებს.


თუმცა, სამხრეთ ოსეთის მხარე მოითხოვს შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართული მხარის მიერ შემოთავაზებული გეგმისგან სრულიად განსხვავებულ, ახალ სამშვიდობო გეგმას შეიმუშავებს.


წერილში ბორის ჩოჩიევი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე სხდომის იმ დღის წესრიგზე დათანხმდება, რომელშიც საკითხის ფორმულირება შემდეგნაირად იქნება: “ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა ოსურ-ქართული ურთიერთობების მოგვარებაზე შეთანხმებული პროგრამის (გეგმის) შემუშავების მიზნით“.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button