
გაზის ფასის ძიებაში
უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის ღირებულების თაობაზე მიღწეულმა გარიგებამ, რაც დასავლურმა პრესამ ღირსების შენარჩუნებად შეაფასა და რამაც კიევსა და მოსკოვს მეტ–ნაკლები კომერციული სარგებელი მოუტანა, საქართველოში გამოიწვია ვარაუდები იმის თაობაზე, რომ თბილისს ჰქონდა პოტენცია გაზის უკეთეს ფასზე მიეღწია შეთანხმებას მოსკოვთან.
გარიგების თანახმად, უკრაინა 1000 კუბურ მეტრ გაზს 95 აშშ დოლარად მიიღებს, რაც 45 აშშ დოლარით აღემატება ადრინდელ ფასს, თუმცა 135 აშშ დოლარით ნაკლებია რუსეთის მიერ შემოთავაზებულ საწყის ფასზე. ამ ფასზე – 95 აშშ დოლარზე – შეთანხმება შესაძლებელი გახდა ძვირი რუსული გაზის (230 აშშ დოლარი) იაფ თურქმენულ (50 აშშ დოლარი) გაზთან შერწყმის შედეგად.
ოპოზიციური “რესპუბლიკური” პარტია საქართველოს ხელისუფლებას “გაზპრომთან” მოლაპარაკებებისადმი არასერიოზულ და არაკომპეტენტურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
“მათ [ხელისუფლებას] ეგონათ, რომ რუსეთის გაბრაზებით მიაღწევდნენ შედეგს…უკრაინის მოლაპარაკებებმა დაადასტურა, რომ თუკი სახელმწიფოს აქვს თავისი მკვეთრად გამოვლენილი ნაციონალური ინტერესები, ზუსტად იცის რა უნდა და მიისწრაფვის ამ მიზნისკენ, მიზანი ყოველთვის მიღწევადია და შესაძლებელია, რომ კრიზისულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს ქვეყანა”, – განაცხადა “რესპუბლიკელმა” თინა ხიდაშელმა.
საქართველომ უკვე მოაწერა ხელი ერთწლიან კონტრაქტს “გაზპრომთან“, რომელიც ითვალისწინებს 2006 წლის განმავლობაში 2,5 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის მოწოდებას 110 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე. თუმცა, ქართველი ექსპერტების განცხადებით, გაზის ღირებულება საქართველოსთვის არ უნდა ყოფილიყო 90 აშშ დოლარზე მეტი.
“ეკონომიკურად გამართლებული ფასი 90 დოლარს არ უნდა ასცდენოდა და ეს მიღწევადი იყო, თუმცა მეორეს მხრივ როცა 110 დოლარზე მოვაწერეთ [ქართულმა მხარემ] ხელი, ძნელი სათქმელია რა პირობებში მოხდა ეს და მოლაპარაკებათა მაგიდასთან რა ხდებოდა ამ დროს“, – განუცხადა ენერგეტიკის ექსპერტმა თემურ გოჩიტაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს “ხელისუფლებამ დაკარგა დრო“ ყაზახეთთან მოლაპარაკებებით, რომელიც გაზის მოწოდების ალტერნატიულ წყაროდ მიიჩნევა, ნაცვლად იმისა, რომ “გაზპრომთან“ სწორად წარემართა მოლაპარაკებები.
“ყაზახეთის გაზზე, როგორც ალტერნატიულ წყაროზე საუბარი, სულ ტყუილი იყო. ყაზახურმა გაზმა საქართველოს საზღვრებს რუსეთის ტერიტორიის გავლით უნდა მოაღწიოს და როგორც მოსალოდნელი იყო მოსკოვმა უარი თქვა“, – განუცხადა გია ხუხაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
თუმცა, საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მისაღებ ფასზე “გაზპრომთან“ მოლაპარაკება თითქმის შეუძლებელი იყო, რადგანაც რუსული ენერგოკომპანია მონოპოლისტია.
ანალიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ “გაზპრომთან“ ფასზე გარიგების ხელმოწერა, სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტის ხელსაყრელ გადასახადზე შეთანხმების გარეშე, ასევე მიუღებელი იყო.
საქართველო რუსულ გაზს სომხეთს თავისი მაგისტრალური გაზსადენით აწვდის, რომლის შესყიდვაც ახლა “გაზპრომს“ სურს. ამჟამად, საქართველო სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გატარებული ნაკადის 10%–ს იტოვებს. ამაში შედის საქართველოს კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენის ექსპლოატაციის საფასურიც. რუსეთს სურს, რომ გადასახადი ნაღდი ფულით აიღოს. თემურ გოჩიტაშვილის თქმით, რეალურად ამ 10%–ის ფულადი გამოსახატულება 6,5 აშშ დოლარის [1000 კუბურ მეტრზე] ექვივალენტურია.
“10% ეს ფორმალურია, რადგან აქედან ტრანზიტული გაზის 5% გაზსადენის ტექნიკური გაუმართაობის გამო ჰაერში იკარგება. ანუ რეალურად ამ 10%–ის ფულადი გამოხატულების – 6,5 აშშ დოლარის [1000 კუბურ მეტრზე] სანაცვლოდ საქართველო ტრანზიტიდან რეალური შემოსავლის სახით ამ თანხის ნახევარი ღირებულების გაზს იღებს“, – აცხადებს “სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში თემურ გოჩიტაშვილი.
ექსპერტული მოსაზრებით, ქართული მხარე სატრანზიტო გადასახადის სახით 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 7–8 აშშ დოლარზე ნაკლებ ფასს არ უნდა დათანხმდეს. ამ თემაზე საქართველოს მთავრობა “გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში განაახლებს.
“როცა გაზის ფასზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ძნელი იქნება რუსული გაზის ტრანზიტზე [თბილისისთვის] მისაღებ ფასზე “გაზპრომის“ დაყოლიება“, – აცხადებს გოჩიტაშვილი.
ამჟამად, თბილისი იმედებს ამყარებს “ბრითიშ პეტროლეუმის“ (BP)კუთვნილი ბაქო–თბილისი–ერზერუმის გაზსადენზე, რომელიც ექსპლოატაციაში 2006 წლიდან უნდა შევიდეს და რომლის საშუალებითაც მოხდება საქართველოს გავლით კასპიური გაზის თურქეთში ტრანსპორტირება. წინასწარ განსაზღვრულია, რომ საქართველო 20 წლის მანძილზე წელიწადში ნახევარ მლრდ კუბამეტრ გაზს 55 აშშ დოლარად მიიღებს და BP–ი ტრანზიტის გადასახადის სახით დაახლოებით 7 დოლარს გადაუხდის ქართულ მხარეს.
გაზის გაძვირებას საქართველოს მოსახლეობა რეალურად მაისიდან იგრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ კუბამეტრ გაზზე თბილისელებს 26–დან 34 თეთრამდე, ხოლო რეგიონების მოსახლეობას 36 თეთრამდე უკვე გაუზარდა ტარიფი. თუმცა გაძვირებული ტარიფის სხვაობას იანვარ–აპრილში სახელმწიფო სუბსიდირების გზით დაფარავს. ამ მიზნისთვის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 35 მლნ ლარი. ამასთან, თბილისელების ნაწილის კომპენსაციას “კაზტრანსგაზი“ – თებერვლიდან “თბილგაზის” პოტენციური მფლობელი ყაზახური კომპანია გადაიხდის.