
უთანხმოების მიუხედავად, მხარეები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებებში დადებით იმპულსს აღნიშნავენ
მიუხედავად ქართული მხარის აღიარებისა, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის წინადადებებმა კონფლიქტის მოგვარების თაობაზე დადებითი იმპულსი შესძინა სამშვიდობო პროცესს, თბილისის ოფიციოზი აცხადებს, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებების პროცესის გაწელვის მიზნით ამ წინადადებების ბოროტად გამოყენებას ცდილობს.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, ქართული მხარე 18-20 იანვრისათვის ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის თბილისში ჩატარების ინიციატივით გამოდის, რაც მოლაპარაკებების პროცესში დადებითი იმპულსის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
შსკ-ს უკანასკნელი სხდომა მოსკოვში 27-28 დეკემბერს გაიმართა. სხდომის დღის წესრიგის მთავარი თემა ედუარდ კოკოითის წინადადებების განხილვა იყო.
სამხრეთ ოსური მხარის პოზიცია, რომელსაც რუსული მხარეც ემხრობა, გულისხმობს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას 2006 წლის თებერვლამდე, რომელიც, მოსკოვის სხდომის საბოლოო ოქმის თანახმად, „შეიმუშავებს ერთობლივი [სამშვიდობო] პროგრამის შეთანხმებულ პროექტს, რაც დაინტერესებულ მხარეთა უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების განხილვის საფუძველი გახდება, როგორც ეს 15-16 ნოემბრის ლიუბლიანას სხდომაზე იქნა შემოთავაზებული“.
რუსული და სამხრეთ ოსური მხარეები ლუბლიანაში გამართული შსკ-ს სხდომის დროს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ინიციატივით გამოვიდნენ სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერების მონაწილეობით. ეს წინადადება თბილისმა კატეგორიულად უარყო.
მოსკოვის სხდომის საბოლოო ოქმის თანახმად, ქართული მხარის პოზიციაა შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შსკ-ს ფარგლებში, რომელიც 2006 წლის 1 თებერვლამდე შსკ-ს თანათავმჯდომარეებს წარუდგენს „ერთობლივი საქმიანობის პროექტს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმის განსახორციელებლად“.
ქართულ და სამხრეთ ოსურ/რუსულ პოზიციებს შორის ერთი მთავარი განსხვავებაა: ცხინვალი, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს, ახალი სამშვიდობო გეგმის შემუშავების ინიციატივით გამოდის, ხოლო ქართული მხარე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მიერ ოქტომბერში გაჟღერებული ინიციატივის განხორციელებას ცდილობს.
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 3 იანვარს განმარტა, რომ ქართულ მხარეს არ მიაჩნია საჭიროდ ცალკე სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც დემილიტარიზაციის და ნდობის აღდგენის საკითხებზე იმუშავებს.
“ამ ორ საკითხს [მოლაპარაკებების პროცესის] ყველა მხარე ეთანხმება და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მათზე მუშაობა ცალკე სამუშაო ჯგუფების შექმნის გარეშე“,- განაცხადა ხაინდრავამ და იქვე დასძინა, რომ შესაძლოა შეიქმნას იმ საკითხებზე მომუშავე ცალკე სამუშაო ჯგუფი, რომლებზეც მხარეები ვერ თანხმდებიან; მათ შორისაა კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური მოგვარების საკითხიც.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ინიციატივა 1 თებერვლამდე სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე “მხოლოდ პროცესის გაჭიანურების მცდელობაა“, – განაცხადა ხაინდრავამ.
რუსულმა მხარემ თბილისის ამგვარი მიდგომა გააკრიტიკა. მოსკოვის პოზიციის თანახმად, ქართულმა მხარემ შესთავაზა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს “ერთობლივი ქმედებების პროექტის განხილვაზე იმ კონკრეტული სამშვიდობო გეგმის განხორციელების მიზნით, რომელიც, თითქოსდა, უკვე არსებობს“.
ამავდროულად, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა თავის წინასაახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების დადებითი რეაქცია სამხრეთ ოსეთის ლიდერის სამშვიდობო ინიციატივაზე იმის იმედს იძლევა, რომ 2006 წელი კონფლიქტის მოგვარების კუთხით “პოზიტიური დინამიკის“ მატარებელი იქნება.
თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა სამხრეთ ოსეთში 2006 წელს დაგეგმილმა საპრეზიდენტო არჩევნებმა დაჩრდილოს; ჯერ-ჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია. კოკოითმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არჩევნები ამ წელს “განსაკუთრებულს და გადამწყვეტს ხდის სამხრეთ ოსეთისთვის“.
“რთული არ არის იმის პროგნოზირება, რომ ჩვენი მტრები ყველანაირად ეცდებიან ქაოსი და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ რესპუბლიკაში… თუმცა, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ შევძლებთ წარმატებულად ჩავაბაროთ პოლიტიკური სიმწიფის ეს გამოცდა და დავამტკიცოთ ჩვენს სახელმწიფოში დემოკრატიული ღირებულებების უზენაესობა“, – დასძინა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა.