
გილაური: მთავრობა გაზსადენის პრივატიზების შესაძლებლობას განიხილავს
28 დეკემბერს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე “გაზექსპორტის“ ხელმღვანელის დავით მორჩილაძის საპასუხო განცხადება გააკეთა, რომლის თქმითაც, ახალი წლის შემდეგ “გაზპრომი“ თბილისისგან გაზსადენის გასაყიდი ფასის დასახელებას ელის.
“ლაპარაკია იმაზე, თუ ფასი იქნება მისაღები ორივე მხარისათვის, მაშინ დაიწყება შემდგომი პროცედურები, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება გაიყიდება თუ არ გაიყიდება [გაზსადენი]“, – განაცხადა მორჩილაძემ.
მისი თქმით, გაზსადენის პრივატიზების თაობაზე საუბარი იყო “გაზპრომისა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოსკოვშიც და თბილისშიც.
“მათგან [“გაზპრომის“ მხრიდან] იყო შემოთავაზება ბოლო შეხვედრის დროს [თბილისში] და ჩვენ კიდევ ერეთხელ ვუთხარით, რომ განვიხილავთ მათ წინადადებას [გაზსადენის პრივატიზაციასთან დაკავშირებით]. სხვა კონტაქტი ამის შესახებ არ გვქონია“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ნიკა გილაურმა.
მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა განიხლავს გაზსადენის პრივატიზაციის შესაძლებლობას, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
“საქართველოს მთავრობის პოზიცია არის, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობას განვიხილავთ. მაგალითად, თუ იქნება 25–წლიანი იაფი გაზის მოწოდების გარანტია, ტრანზიტზე გარკვეული რაოდენობის დატოვების გარანტია ან კონტრაქტის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ამ გაზსადენის უკან დაბრუნების გარანტია და სხვა, მაშინ აუცილებლად განვიხილავთ“, – განაცხადა ნიკა გილაურმა.
20 დეკემბერს “გაზპრომის“ თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე რიაზანოვმა თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების შემდეგ რამოდენიმე თვიანი პასუზის შემდეგ კვლავ გამოთქვა სურვილი საქართველოს კუთვნილი რუსეთ–სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვის თაობაზე.
თუმცა აშშ-ს და საქართველოს შორის “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში 12 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება შეთანხმების ვადის ამოწურვამდე – 2010 წლამდე – არ გაყიდოს ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენი.
ამავე შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას არ აქვს უფლება გაასხვისოს საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის აქციების საკონტროლო პაკეტი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” ფარგლებში მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისთვის 49.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.