skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენი ეკლესიის მიმართ პოზიციის გამო გააკრიტიკეს

პარლამენტარებმა “ახალი მემარჯვენეებიდან“ და საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა 23 დეკემბერს პარლამენტის სხდომა დატოვეს, რათა პროტესტი გამოეხატათ სახალხო დამცველის მოხსენების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ქვეყანაში რელიგიურ თავისუფლებას ეხებოდა.


სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 23 დეკემბერს პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2005 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემების შესახებ მოხსენება წარუდგინა.


თავის მოხსენებაში სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ 2002 წელს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ხელმოწერილი კონკორდატი არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო კონვენციებში  აღიარებულ თანასწორუფლებიანობის პრინციპს, რადგანაც კონკორდატი მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოში არსებულ სხვა  რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით.  


“გვერდები 81-დან 94-მდე [მოხსენებისა, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას ეხება] არის სირცხვილი და ამ დამცირებას ვერ მოვუსმენთ“, – განაცხადა სხდომაზე დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ “ახალი მემარჯვენეებიდან“.


დეპუტატმა ნოდარ გრიგალაშვილმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ ასევე დაგმო მოხსენების ეს ნაწილი და პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ზომიერი პოზიცია დაიკავა და მოუწოდა დეპუტატებს არ ყოფილიყვნენ რადიკალურები სოზარ სუბარის შეფასებისას.


“საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი მიმტევებლობით… პიროვნების უარყოფა და დაგმობა განსაკუთრებული აზრის გამო მიუღებელია. შესაძლოა მეც არ ვეთანხმები სახალხო დამცველის ზოგიერთ მოსაზრებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა მოვუსმინოთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


დეპუტატმა გიგა ბოკერიამ “ნაციონალური მოძრაობიდან“ გააკრიტიკა ის პარლამენტარები როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიებიდან, რომელთაც დაგმეს სოზარ სუბარი რელიგიურ თავისუფლებაზე მისი პოზიციის გამო.  


ბოკერიამ დაგმო ის “ფუნდამენტალისტური განცხადებები, რომელიც ზოგიერთმა დეპუტატმა გააჟღერა“ და განაცხადა, რომ რელიგიური თავისუფლება “არ არის სპეკულაციისა და პოლიტიკური შანტაჟის საკითხი“.


“ამ მიმართებაში ბატონ სუბარს ჩემი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


სოზარ სუბარის მოხსენებაში ასევე გაკრიტიკებულია შეთანხმება საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის, რომელიც საშუალებას აძლევს ეკლესიას მონაწილეობა მიიღოს იმ მასწავლებლების შერჩევაში, რომლებიც რელიგიურ საკითხებს, მათ შორის ისტორიას ასწავლიან სკოლებში. მოხსენების თანახმად, ეს შეთანხმება არღვევს ეკლესიის სახელმწიფოსგან განცალკევების პრინციპს.


სოზარ სუბარი დეპუტატებმა ასევე  მოხსენების სხვა ასპექტების გამოც გააკრიტიკეს. რამოდენიმე დეპუტატმა, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობიდან, პრეტენზიები გამოთქვეს, რომ სახალხო დამცველი “ძალიან რბილია“ ადამიანის უფლებათა კუთხით ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას.


“მე უმრავლესობის წევრი ვარ და ბუნებრივია ხელისუფლებას ვუჭერ მხარს, მაგრამ თქვენ არ ხართ ვალდებული ამ მთავრობას დაუჭიროთ მხარი. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ხელისუფლებას ემხრობით და ამაშია თქვენი სისუსტე. თქვენ არ გაგაჩნიათ ოპოზიციური პოზიცია, რაც ასე აუცილებელია სახალხო დამცველისთვის“, – განაცხადა ბესო ჯუღელმა “ნაციონალური მოძრაობიდან“.


სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე “არაშესაბამისი რეაგირების“ გამოც გააკრიტიკეს. “თქვენ ჩამოთვალეთ ყველა დარღვევა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენ ვერ ვხედავთ თქვენი საქმიანობის ეფექტურობას“, – განაცხადა დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ “რესპუბლიკური” პარტიიდან.


ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა სახალხო დამცველი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ეს უკანასკნელი თავს იკავებს სასამართლო სისტემაზე, მედიასა და ბიზნესზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბროს. 


“წინა მოხსენებაში თქვენ განაცხადეთ, რომ სასამართლო სისტემა პროკურატურის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ეს მოხსენება არაფერს ამბობს ამის თაობაზე. ფიქრობთ, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა ამ კუთხით? ძალიან ხშირად ბატონი სუბარი სამართალდამცავი სტრუქტურების დამცველად გამოდის“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.


თუმცა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლო უწოდა. “მინდა სახალხო დამცველს მადლობა გადავუხადო თავისი საქმიანობის გამო. ოპოზიციას სურს, რომ იგი მათი პოლიტიკური პლატფორმის გამტარებელი გახდეს, თუმცა მათ არ ესმით, რომ სახალხო დამცველი არ უნდა იყოს არც ოპოზიციის, არც ხელისუფლების წარმომადგენელი“, – განაცხადა ბოკერიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button