
კოკოითის წინადადებას თბილისში ფრთხილი ოპტიმიზმით ხვდებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და პარლამენტარებმა 20 დეკემბერს გამართულ სხდომაზე “ფრთხილი ოპტიმიზმი“ გამოხატეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც, მათი თქმით, სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის მიერ 12 დეკემბერს გაჟღერებული წინადადების შედეგად “პოზიტიური ნიშნები“ გაჩნდა.
პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა 20 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული მხარის დეტალური სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც იმ მიზნებსა და ამოცანებს აერთიანებს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება ახლო მომავალში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს, რათა კონფლიქტის საბოლოო მოგვარებას 2006 წლის ბოლოსთვის მიაღწიოს. პრეზენტაციას მოყვა კითხვა-პასუხი და ცალკეული დეპუტატების გამოსვლები.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოკოითის მიერ წარმოდგენილი მოდელი ძირითადად ემთხვევა ჩვენს სამშვიდობო გეგმას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ნამდვილად სერიოზული პროგრესია“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ კოკოითის ეს წინადადება “არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც დროის გაწელვის საშუალება”.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის დადებით როლს.
“რუსეთის ბოლოდროინდელი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია; მე ვგულისხმობ რუსეთის მხარდაჭერას ჩვენი სამშვიდობო გეგმის მიმართ [ეუთოს მინისტერიალზე 6 დეკემბერს]. რუსეთის პოზიტიური როლი ასევე იგრძნობოდა კოკოითის წინადადებაშიც. ამრიგად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაღრმავოთ ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც ბოლო დროს რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებში შეიმჩნევა“, – განაცხადა ნოღაიდელმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რა იქნება ამ დადებითი ტენდენციების საბოლოო შედეგი.
მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარება “შესაძლებელია მშვიდობიანი გზით დროის შედარებით მოკლე პერიოდში“.
“ყველას ესმის, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში… აბსოლუტურად შეუძლებელია დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ამ რეგიონში. ვფიქრობ, უკვე ყველამ დაიწყო ამის გაგება“, – დასძინა ნოღაიდელმა.
ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ უკვე არსებობს გარკვეული შეფერხებები სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელებისას, მათ შორის რესტიტუციის შესახებ კანონის მიღების კუთხით.
“რესტიტუციის შესახებ კანონი ცოტათი შეფერხდა. მაგრამ, საჭირო იყო ამ კანონის ზედმიწევნით მომზადება… მთავრობის სხდომამ უკვე განიხილა კანონპროექტი. ამჟამად დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა ექსპერტიზისთვის. ჩვენ ამ კანონპროექტზე მუშაობის დასრულებას იანვრის შუა რიცხვებისთვის ვგეგმავთ, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტს წარედგინება განსახილველად“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მომავალი წლიდან საპენსიო დავალიანებების გასტუმრებას სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ეს თანხა ჯერ-ჯერობით გათვალისწინებული არ არის.
“თუმცა, 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს ინვესტიციებს სკოლების რეაბილიტაციისთვის… მათ შორის ცხინვალის რეგიონის სკოლების რეაბილიტაციისთვის, როგორც ქართულ, ისე ოსურ სოფლებში“, – დასძინა მან.
ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა “ახალი მემარჯვენეებიდან“ და “რესპუბლიკური პარტიიდან“ ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის საკითხთან არათანმიმდევრული მიდგომის გამო გააკრიტიკეს, რაც იმას გულისხმობს, რომ თბილისის სამშვიდობო ინიციატივებს ხშირად თან სდევს სამხედრო რიტორიკა ძირითადად თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან.
“ჩვენ ამ საკითხის მიმართ ერთიანი მიდგომა გვაქვს. იგი [ირაკლი ოქრუაშვილი] სამხრეთ ოსეთის შესახებ სამთავრობო კომისიის წევრია და ჩვენი სამშვიდობო გეგმის და პრეზიდენტის პოლიტიკის შესაბამისად მოიქცევა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ თავის გამოსვლაში გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ “განსხვავებულმა ინტონაციებმა“, რომლებიც სხვადასხვა ოფიციალური პირებისგან მოდიოდა უბიძგა “კოკოითის რეჟიმს გააქტიურებულიყო სამშვიდობო პროცესის მიმართულებით“.
“პოლიციის მიერ წარმატებით განხორციელებულმა ოპერაციებმა [სამხრეთ ოსეთის რამდენიმე ოფიციალური პირის, მათ შორის პოლიციის ოფიცრის დაპატიმრების ჩათვლით] უჩვენა კოკოითს, რომ იგი საკმაოდ დაუცველ მდგომარეობაში იმყოფება, მიუხედავად რუსების მხარდაჭერისა“, – განაცხადა დეპუტატმა გივი თარგამაძემ.
თავის გამოსვლაში “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ გასული წლის ზაფხული გაიხსენა, როდესაც ქართულ და სამხრეთ ოსურ ძალებს შორის შეტაკება მოხდა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ იმ მოვლენების შეფასება უნდა გააკეთოს, რომელთაც რეგიონში სამშვიდობო პროცესი შეფერხება მოყვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ “ძალიან მნიშვნელოვანი მოსმენები“ გაიმართა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი “დროის ძალიან მოკლე პერიოდში მოგვარდება“.
“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დროის ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ ძალიან დიდი წარმატების მოწმენი და მონაწილენი გავხდებით და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კონფლიქტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ჩვენი მთავრობა ძალიან მალე შეძლებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სამხედრო დაპირისპირება. ყველაფერი, რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს, მათ შორის თავდაცვის ბიუჯეტისა და ჯარისთვის შეიარაღების ზრდის ჩათვლით, მიზნად ისახავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მშვიდობიანი გზით; როგორც ამბობენ: თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის … კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – დასძინა ბურჯანაძემ.