ეკონომიკის მინისტრი ჰონგ-კონგში მსო-ს შეხვედრას დაესწრება
დღეს საქართველოს დელეგაცია ეკონომიკური განვითარების მინისტრის ირაკლი ჩოგოვაძის ხელმძღვანელობით ჰონგ-კონგში გაემგზავრა, სადაც 13-18 დეკემბერს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე ირაკლი ჩოგოვაძე აპირებს დააყენოს საქართველო–რუსეთის საზღვრის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მონაკვეთებზე, კერძოდ კი როკის გვირაბისა და ფსოუს საბაჟო გამშვები პუნქტების თბილისის მიერ კონტროლის საკითხი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გამო აღნიშნულ საბაჟო პუნქტებს ქართული მხარე ვერ აკონტროლებს.
ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველო რუსეთის მსო–ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)