ახალი ამბები

პარლამენტმა საპენსიო კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 137  ხმით 6–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონპროექტს, რომლის განხილვაც ოპოზიციისა და პენსიონერების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.


კანონპროექტი ითვალისიწნებს პენსიების უნიფიცირებულად და არა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დანიშნვას, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვდა. ხელისუფლების განცხადებით, ამ ეტაპზე ამ მოთხოვნის გათვალისწინება შეუძლებელი იყო.


პენსიონერთა ცალკეულ კატეგორიებს: პირველი ჯგუფის ინვალიდებს, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახებს, ობოლ ბავშვებს, ომის ინვალიდებს ან მონაწილეებს და ა.შ 2006 წლის 1 იანვრიდან პენსიები და შემწეობები 100 ლარის ფარგლებში განსხვავებული ოდენობით გაეზრდებათ.


გარდა ამისა, 2006 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში გათვალისწინებულია 28 ლარიანი პენსიის 38 ლარამდე ეტაპობრივი ზრდა. კერძოდ, 2006 წლის მარტიდან პენსია 5 ლარით, ხოლო სექტემბრიდან დამატებით 5 ლარით გაიზრდება.


პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით, ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ თანამშრომელთა პენსიების მაქსიმალური ოდენობა 560 ლარით განისაზღვრება. თუმცა გამონაკლისი დაშვებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის, რომლებიც ხელფასის ოდენობის  (1000–1200 ლარი) პენსიებს მიიღებენ.


ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლის კახა კუკავას განცხადებით, კანონპროექტის ავტორები “ნახევრად“ კომპრომისზე წამოვიდნენ ქალების საპენსიო ასაკთან დაკავშირებით. კერძოდ, ქალები ნებაყოფლობით აირჩევენ პენსიაში 60–წლიდან გავიდნენ, თუ 65 წლიდან. რაც შეეხება მამაკაცების საპენსიო ასაკს, იგი 70–დან 65 წლამდე მცირდება.
 
“გარდა ამისა, ვინც საპენსიო ასაკში მუშაობს, ის პარალელურად პენსიასაც მიიღებს, რაც დადებითი მომენტია“, – განუცხადა კახა კუკავამ 10 დეკემბერს “სივილ ჯორჯიას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button