
საქართველოში კორუმპირებულ ინსტიტუტებს შორის სასამართლო სისტემა ლიდერობს
Transparency International-ის მოხსენების თანახმად, საქართველოს კორუმპირებულ ინსტიტუტებს შორის პირველი ადგილი სასამართლო სისტემას უჭერავს, რომელსაც საბაჟო და პოლიტიკური პარტიები მოსდევს.
2005 წლის გლობალური კორუფციის ბარომეტრი, რომელიც Transparency International-ის სახელით განხორციელებულ Gallup International-ის კვლევას ეფუძნება ,9 დეკემბერს საერთაშორისო ანტიკორუფციული დღისთვის გამოქვეყნდა.
გლობალური კორუფციის ბარომეტრის თანახმად, 2005 წელს გამოკითხულ ქართველთა 51%-მა სასამართლო სისტემა “ყველაზე პრობლემატურ სექტორად“ აღიარა.
მეორე ადგილი საბაჟო სექტორს უკავია 37%-ით, ხოლო შემდეგ პოლიტიკური პარტიები მოდიან 36%-ით; საგადასახადო ადმინისტრაცია – 35%; სამედიცინო მომსახურება – 31%; პარლამენტი – 31%; ბიზნესის და კერძო სექტორი – 27%.
გასული წლის შედეგებთან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა პოლიციასთან მიმართებაში, რომელიც ადრე ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად იყო მიჩნეული. გაუმჯობესება დაფიქსირდა ასევე ლიცენზირებისა და განათლების სექტორებშიც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)