ახალი ამბები

ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტები შეათანხმეს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 7 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან “ფაქტიურად“ შეთანხმებულია დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებსა და ომის განუახლებლობას ეხება.


ხაინდრავამ ეს განცხადება სოხუმიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა, სადაც გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰაიდი ტალიავინის, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების და ევროკომისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით აფხაზურ მხარესთან ერთად 6–7 დეკემბერს აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამას განიხილავდა.


გიორგი ხაინდრავას განცხადებით, მან “ძალიან საინტერესო“ შეხვედრები გამართა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან.


სახელმწიფო მინისტრმა ამ შეხვედრების კომენტირებისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი აფხაზური მხარის შეშფოთებას საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერების თაობაზე. 


“მე მათ [ბაღაფშს, შამბას] ავუხსენი, რომ ქვეყნის ფეხზე დადგომასთან ერთად სამხედრო პოტენციალის ამაღლება ბუნებრივი მოვლენაა და ეს შეიარაღებული ძალები არანაირად არ იქნება მიმართული ქვეყნის შიგნით პრობლემების გადასაწყვეტად“, – განაცხადა ხაინდრავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button