skip to content
ახალი ამბები

ენერგეტიკის მინისტრი მოსკოვს სტუმრობს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი დავით ინგოროყვა 22 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც რუსულ კომპანია “გაზპრომის“ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ. სავარაუდოდ, მხარეები გაზის ფასების დარეგულირების საკითხსაც განიხილავენ.


ცოტა ხნის წინ “გაზპრომის” ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2006 წლიდან კომპანია საქართველოსთვის გაზის ღირებულების გაზრდას გეგმავს არსებული 62 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე. ამჟამად, საქართველოს ბუნებრივი აირით “გაზპრომი“ ამარაგებს.


მოლაპარაკებებზე, რომელსაც 24 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შეუერთდება,  საქართველოში ყაზახური აირის რუსეთის გავლით შესაძლო ტრანზიტის საკითხიც განიხილება.     


მოსკოვის მოლაპარაკებებს წინ უძღოდა გილაურის და ნოღაიდელის ვიზიტი ყაზახეთში 18-19 ნოემბერს. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ყაზახეთმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალი წლიდან საქართველოს ყოველწლიურად 2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოაწოდოს.


ახლა ქართულ მხარეს რუსეთის ენერგოკომპანია “გაზპრომის“ თანხმობის მოპოვება მოუწევს ყაზახური აირის რუსეთის გავლით ტრანსპორტირების თაობაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button