ახალი ამბები

სააკაშვილი ანანთან მოლაპარაკებებზე აფხაზეთში ადამიანთა უფლებების დაცვაზე საუბრობს







კოფი ანანი და მიხეილ სააკაშვილი.
თბილისი, 2005 წ. 19 ნოემბერი
თბილისში ხანმოკლე ვიზიტით მყოფ გაეროს გენერალურ მდივანთან კოფი ანანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ ქართული მხარე “იმედგაცრუებულია“ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული სიტუაციის გამო და მოუწოდა გაეროს უფრო აქტიური გახდეს საქართველოში კონფლიქტების მოგვარების მიზნით.  


“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბატონი ანანის პირველი ვიზიტი [საქართველოში] დაემთხვა ვარდების რევოლუციის მეორე წლისთავს. ბატონი ანანი ასრულებს თავის ახლო აღმოსავლეთის ტურნეს თბილისში. ეს ვიზიტი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო … ჩვენ მივესალმებით გაეროს გენერალურ მდივანს და ასევე განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო მისი წარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის ძალიან კარგი მუშაობა საქართველოში მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებული ვართ აფხაზეთში შექმნილი სიტუაციით, როდესაც ჩვენ თვალწინ ხდება გაყიდვა ქონების, რომელიც ეკუთვნოდა აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის 80%-ს. ესენი იყვნენ ქართველები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები; როდესაც თითქმის ყოველდღიურად კლავენ, აწამებენ, იტაცებენ ადამიანებს, როდესაც მეორე მხარე [აფხაზური] კატეგორიულ უარს ამბობს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის გახსნაზე, რათა მოხდეს კონტროლი ყველაფერ ამაზე; როდესაც თვალსა და ხელს შუა მთელი მსოფლიოს დასანახად ხდება კაცობრიობის წინაშე დანაშაული – აფხაზეთში შედის სულ უფრო მეტი იარაღი, სულ უფრო მეტი მილიტარიზაცია ხდება ამ რეგიონის“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“საქართველოს სურს მშვიდობა, მაგრამ საქართველო არასდროს არ შეურიგდება ადამიანის უფლებების ასე ფეხქვეშ გათელვას“, – დასძინა მან. 


“ჩვენი რევოლუციის მთავარი გაკვეთილი ეს არის თავისუფლება ყველა ადამიანისთვის მიუხედავად  მათი ეთნიკური წარმომავლობისა.  ეს არის დემოკრატია ყველასთვის, სადაც ხდება ყველა ჯგუფების ინტეგრაცია და მე მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ყველა რეგიონს, მათ შორის სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, უნდა მივცეთ ეს შანსი. და ბოლოს მე იმედი მაქვს, რომ გაერო გააქტიურდება და გაეროს წევრი ქვეყნები მისცემენ საშუალებას გაეროს გააქტიურდეს ამ მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button