skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი მთავრობას აკრიტიკებს და ბიუროკრატიული რევოლუციისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის წევრები გააკრიტიკა “ხალხთან პირდაპირი კონტაქტების” უქონლობის გამო, ხოლო ქვედა დონის ბიუროკრატიას “შეშინებული, უმოქმედო და უაზრო“ უწოდა. 


მიხეილ სააკაშვილი 2 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე გამოვიდა სიტყვით. სხდომის ეს მონაკვეთი ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს.


“ჩვენ შევძელით კორუფციის აღმოფხვრა მთავრობაში და ყველა ძირითად სტრუქტურაში. მაგრამ ვფიქრობ, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს ხალხთან პირდაპირი კონტაქტების კუთხით. არც ერთი მინისტრი – რამდენიმე გამონაკლისის გარდა – არ პასუხობს სატელეფონო ზარებს. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს სატელეფონო ზარებს, ვინც არ უნდა რეკავდეს, უბრალო მოქალაქეც რომ იყოს… თუ მე თქვენთან უცხო ნომრიდან ვრეკავ, და არა ჩემი ნომრიდან, თქვენ არ მპასუხობთ, გარდა კახა ბენდუქიძისა [სახელმწიფო მინისტრი რეფორმების საკითხებში]. ამ მახსოვს, რომ ლადო ჭიპაშვილმა [ჯანდაცვის მინისტრი] რომელიმე სატელეფონო ზარს უპასუხოს. თქვენ იმპერატორები არ ხართ; თქვენ ხართ პატარა ქვეყნის პატარა სამინისტროების მინისტრები. თქვენ უნდა უპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების ნებისმიერ კითხვებზე და ყოველთვის ხალხში უნდა იყოთ. თბილისის მერმა [გიგი უგულავამ] მეტროთი და ავტობუსით დაიწყო სამსახურში სიარული და მე ამას მივესალმები… უნდა იყოს სრული ურთიეთკავშირი საზოგადოებასთან… ნუ იმალებით თქვენს კაბინეტებში, რადგანაც ის მინისტრები, რომლებიც დაიმალებიან თავიანთ კაბინეტებში, ძალიან მალე იქნებიან გაძევებულნი“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, ეს “მხოლოდ მცირე შენიშვნაა“. მთავარი პრობლემა, სააკაშვილის თქმით, ის არის, რომ ადგილობრივ ბიუროკრატიასთან ურთიერთობების დროს ხალხს “აწამებენ“. “ნებისმიერი სახის ნებართვის აღება გრძელი და რთული პროცესია“, – დასძინა მან.   

მისი თქმით, “არ არიან ბიუროკრატები, რომლებიც ქრთამს იღებენ, თუმცა არიან ბიუროკრატები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ“.


“შეშინებული ბიუროკრატი ზის, რომელიც მერაბიშვილის [შინაგან საქმეთა მინისტრის] ან ადეიშვილის [გენერალური პროკურორის] შიშით ქრთამს არ იღებს, მაგრამ მას რაიმე სასარგებლოს გაკეთებაც არ უნდა. ათასობით ამგვარი შემთხვევა არსებობს. რეალობა ის არის, რომ ახლა ჩვენ შეშინებული, უმოქმედო და უაზრო ბიუროკრატია გვაქვს… ქრთამის აღება ისჯება, თუმცა არა ინიციატივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე გააკრიტიკა საგარეო საქმეთა სამინისტრო “საკონსულოში გრძელი რიგების გამო“.


“ძალიან კარგი რეფორმები ხორციელდება იუსტიციის სამინისტროში… მაგრამ, მიდით და სცადეთ პასპორტის აღება, ვთქვათ, თელავში და დაინახავთ, როგორ გაწამებენ და რამდენჯერ მიგიყვანენ. თქვენ დაინახავთ მოხდა თუ არა რევოლუცია ამ სექტორში. და საერთოდ რისთვის მოხდა რევოლუცია, თუ მაგალითად ახალსოფლის მაცხოვრებელს უხდება თელავში ჩასვლა და ოცჯერ მისვლა პასპორტის ასაღებად“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის ხალხია, რომელთაც აქ [ხელისუფლებაში] მოგვიყვანეს… უნდა ვისწავლოთ ჩვენი ხალხის სამსახური და გვესმოდეს, რომ ჩვენ ხალხის მთავრობა ვართ და არა უბრალოდ მთავრობა, რომელიც მხოლოდ ტელევიზიით გამოდის… ასე რომ, გამოფხიზლდით და იმუშავეთ ამ მიმართულებით“, – მიმართა მინისტრებს პრეზიდენტმა.


31 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი რეგიონების რწმუნებულებს შეხვდა და მათაც “ხალხთან ახლო კონტაქტების“ დამყარებისკენ მოუწოდა. სააკაშვილმა დაავალა მათ რეგულარული შეხვედრების გამართვა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, რათა გაირკვეს, როგორც მან განაცხადა, “რა იმედები გაუცრუვდა მოსახლეობას ვარდების რევოლუციის შემდეგ“.


ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, პრეზიდენტის ეს განცხადებები არის რეაქცია საზოგადოებრივ უკმაყოფილებაზე. “ეს მხოლოდ PR კამპანიის ნაწილია, რადგანაც ახლოვდება ვარდების რევოლუციის ორი წლისთავი“, – განაცხადა ახლადშექმნილი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის “დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button