ლავროვი აფხაზეთში გაეროს სამშვიდობო ოპერაციის თაობაზე თბილისის ინიციატივაზე საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყებას ჯერ არ მიუღია რაიმე ოფიციალური წინადადება ქართული მხარისგან, რომელიც აფხაზეთში გაეროს ეგიდით უფრო ფართო სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას ითვალისწინებს, იუწყება “რია ნოვოსტი“.
“იქნება წერილი – ვნახავთ. ყველა ქვეყანას აქვს უფლება შესთავაზოს რაიმე, მათ შორის [გაეროს] უშიშროების საბჭოს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვმა კომენტარი გააკეთა 27 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაეროში საქართველოს ელჩის რევაზ ადამიას მიერ გაგზავნილ წერილზე, სადაც ადამია აცხადებს, რომ რუსეთის ეგიდით აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციამ “თავისი პოტენციალი ამოწურა“ და მოუწოდებს აფხაზეთში გაეროს ეგიდით სრულმასშტაბიანი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებისაკენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, “ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი მიღება სურთ ქართველ კოლეგებს“.
“თუ ქართულ მხარეს სურს [კონფლიქტის] დარეგულირება, მაშინ მათ სჭირდებათ არსებული სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატით მიღებული შეთანხმებების შესრულება“, – აცხადებს ლავროვი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)