
თბილისი შსკ–თან დაკავშირებით მოსკოვის ოპტიმიზმს არ იზიარებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იზიარებს რუსეთის მხარის “ოპტიმიზმს“ და “პათოსს“, რომელიც 26 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მუშაობის დადებითად შეფასებას და ამ კომისიის ძირეული რეფორმირების აუცილებლობის გამორიცხვას ეხება.
რუსულმა მხარემ შსკ–ს მიმართ საკუთარი პოზიცია 24-25 ოქტომბერს მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩატარების შემდეგ გამოხატა, სადაც ქართულმა მხარემ კომისიის ფორმატის გაფართოების საკითხი დააყენა.
“ამ [შსკ] მექანიზმის შემდგომი სრულყოფის მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია ეტაპობრივად მის ფორმატში სათანადო ცვლილებების შეტანა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ 28 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმავე დღეს გავრცელებულ მეორე ინფორმაციაში საგარეო საქმეთა სამინისტრო აპროტესტებს ბოლო დროს ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში ადგილობრივი ოსი `მოხალისეების` შეიარაღებული ფორმირებების “აშკარა“ გააქტიურებას, რომელთა მოქმედებებიც “განსაკუთრებული არაკეთილგანწყობით გამოირჩევა ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებელთა მიმართ“.
ამ ვითარებაში თბილისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს “შერეული საკონტროლო კომისიის არაეფექტურობას და სამშვიდობო ძალების უმოქმედობას”, რაც “განაპირობებს ამ რეგიონში არსებული ვითარების შემდგომ გამწვავებას“.
ქართული მხარე მოითხოვს, შერეულმა საკონტროლო კომისიამ და სამშვიდობო ძალებმა განახორციელონ სათანადო ზომები აღნიშნული ფორმირებების განიარაღებისა და დაშლისათვის, აგრეთვე უზრუნველყონ კონფლიქტის ზონის სრული დემილიტარიზაცია, როგორც ეს არის გათვალისწინებული მხარეთა შორის ადრე მიღწეული შეთანხმებებით.