ახალი ამბები

თბილისი და ცხინვალი მოლაპარაკებებს განაახლებენ

ქართული და სამხრეთ ოსური მხარეები 24-25 ოქტომბერს მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში მოლაპარაკებებს განაახლებენ.


ეს იქნება კონფლიქტის მხარეების პირველი შეხვედრა 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვის შემდეგ, რომლის შედეგადაც ათი მოქალაქე დაშავდა. რუსული და სამხრეთ ოსური მხარეები მომხდარში თბილისს ადანაშაულებენ, თუმცა ეს უკანასკნელი ბრალდებებს უარყოფს.


საპირისპირო პოზიციები, რომლებიც ცხინვალის და თბილისის ოფიციალური პირების მიერ შეხვედრამდე გაჟღერდა, იმაზე მიანიშნებს, რომ მოსკოვში დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან რაიმე წინსვლა მოსალოდნელი არ არის. თბილისი მოლაპარაკებების არსებული ფორმატის შეცვლას მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციების და აშშ-ის აქტიური ჩართვის გზით, მაშინ როცა ცხინვალი აცხადებს, რომ ოთხმხრივი კომისია სამშვიდობო პროცესის “ერთადერთი ეფექტური მექანიზმია“.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 ოქტომბერს “როიტერს“ განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს დეკემბერში ახალი სამშვიდობო ინიციატივებით გამოვიდეს, რათა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში დაეხმაროს.


მისი თქმით, ამ ახალი ინიციატივების წარდგენა მოხდება ეუთოს მინისტრთა საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე, რომელიც ლიუბლიანაში (სლოვენია) 5-6 დეკემბერს არის დაგეგმილი. “პირველად პოსტ-საბჭოთა ისტორიაში, აშშ იქნება სამშვიდობო პროცესის მონაწილე, მოლაპარაკებების მონაწილე“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“აშშ-ს როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, არა იმიტომ, რომ მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ მისი მოგვარება … ეს ნიშნავს… ჩვენ გვყავს ვიღაც მაგიდასთან, ვისაც შეუძლია დაარწმუნოს … რუსეთი, რომ სამშვიდობო პროცესი მომგებიანია… ჩვენ ვმუშაობთ ამერიკელებთან ჩვენს სამშვიდობო გეგმაზე და ასევე რუსებთან ვმუშაობთ ჩვენს სამშვიდობო გეგმაზე“, – დასძინა სააკაშვილმა.


არსებული  ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში საქართველო მარტოა მოლაპარაკებების მაგიდასთან სამხრეთ ოსეთის, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის პირისპირ.


ამასთან, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 21 ოქტომბერს “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ მოსკოვში შსკ-ს სხდომაზე ოსური მხარე დააყენებს მოლაპარაკებების  არსებული ფორმატის შენარჩუნების საკითხს.


“აქ უნდა გავერკვეთ, ქართული მხარე რა მიზნით მოითხოვს შერეული საკონტროლო კომისიის ოთხმხრივი წარმომადგენლობის გაფართოებას, ასევე მოლაპარაკებების მონაწილე მხარის დონეზე ეუთოს სტატუსის გაზრდას. რამდენადაც მე ვიცი, ქართული მხარე აპირებს აშშ-ს შესთავაზოს დამკვირვებლის სტატუსი [შსკ–ში]“, – აცხადებს კოკოითი.


“ქართული მხარის აღნიშნული ინიციატივა მიუღებელია, რადგან აშშ-ს და ეუთოს პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების მიზნით ორმაგი სტანდარტებით არის განპირობებული“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.


ეუთოს, რომელიც ცხინვალის ოფისის საშუალებით ეხმარება მხარეებს შეაგროვონ ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში არსებული სამხედრო სიტუაციის თაობაზე და აკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების შესრულებას, ორივე მხარე აკრიტიკებს. თბილისი აცხადებს, რომ ეუთომ ვერ შეასრულა აქტიური როლი კონფლიქტის მოგვარების საქმეში, მაშინ როცა ცხინვალი ორგანიზაციას კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების მიკერძოებულ შეფასებაში ადანაშაულებს.


17 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი რუპელის შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. ეუთოს პრეს-სამსახურის ცნობით, მინისტრებმა მხარდაჭერა აღუთქვეს შსკ-ს საქმიანობას. მოსკოვში ვიზიტის დროს რუპელი ასევე შეხვდა სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს.


ქართველი ანალიტიკოსების თქმით, დეკემბრამდე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის მნიშვნელოვნად შეცვლა არ არის მოსალოდნელი. ეს ის პერიოდია, როდესაც სააკაშვილის თქმით, აშშ სამშვიდობო ინიციატივით უნდა გამოვიდეს.  

Back to top button