ახალი ამბები

პარლამენტარებს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენება სურთ

პარლამენტის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის კომიტეტებმა 18 ოქტომბერს გაკეთებულ ერთობლივ მიმართვაში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოსთხოვეს. 


მოთხოვნა მას შემდეგ გაკეთდა, რაც ორივე კომიტეტმა სალომე ზურაბიშვილი ერთობლივ სხდომაზე მოუსმინა, სადაც ეს უკანასკნელი შეეცადა იმ კრიტიკისთვის ეპასუხა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით “ნაციონალური მოძრაობის“ გავლენიანმა დეპუტატებმა გააჟღერეს.


პრემიერ-მინისტრის სახელზე გაკეთებულ მიმართვაში საგარეო საქმეთა სამინისტროს “დაუდევრობაში“ ედება ბრალი, რაც საერთაშორისო კონვენციების პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის დაგვიანების რამოდენიმე შემთხვევას უკავშირდება.


პარლამენტარებმა საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან არასაკმარისი ურთიერთობის გამოც გააკრიტიკეს.


საპარლამენტო კომიტეტების მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო “კონსტრუქციული ურთიერთობების“ დამყარება პარლამენტთან.


კანონის თანახმად, თუ პრემიერ-მინისტრი არ დააკმაყოფილებს საპარლამენტო კომიტეტების მოთხოვნას, საკითხი შესაძლოა განხილულ იქნას პარლამენტის სხდომაზე და კანონომდებლებმა შესაძლოა ისევ მოსთხოვონ პრემიერ-მინისტრს საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა. თუ პრემიერ-მინისტრი კვლავ არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, პარლამენტი თავად გამოუცხადებს მინისტრს უნდობლობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button