ახალი ამბები

საქართველო სამშვიდობო ოპერაციის გაუმჯობესების თაობაზე რუსეთს გაფრთხილებას აძლევს

11 ოქტომბერს მიღებულ დადგენილებაში საქართველოს პარლამენტმა დაავალა მთავრობას მიიღოს ზომები რუსი სამშვიდობოების გასაყვანად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან, თუ მათი საქმიანობა, შესაბამისად ოთხი და რვა თვის განმავლობაში არ გაუმჯობესდება.


დადგენილება პარლამენტმა ერთხმად, 143 ხმით დაამტკიცა, თუმცა “კონსერვატორული“ და “რესპუბლიკური“ პარტიების დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. “კონსერვატორებს“ უფრო რადიკალურ პოზიცია ეკავათ, ითხოვდნენ რა რუსი სამშვიდობოების გაყვანას 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო “რესპუბლიკელები“ ორი დამოუკიდებელი დადგენილების მიღებას უჭერდნენ მხარს – ერთს აფხაზეთთან, ხოლო  მეორეს – სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით.


დადგენილების თანახმად, საქართველოს მთავრობას ევალება 2006 წლის 10 თებერვლამდე მოახსენოს პარლამენტს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ. თუ მთავრობა ამ მხრივ პროგრესს ვერ დააფიქსირებს, მაშინ 2006 წლის 15 თებერვლიდან კანონმდებლები სამშვიდობოების გაყვანას მოითხოვენ.


ანალოგიური დებულება ეხება აფხაზეთის კონფლიქტის ზონას, თუმცა უფრო გვიანი ვადებით. მთავრობას ევალება 2006 წლის 1 ივლისამდე მოახსენოს პარლამენტს აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. თუ ამ დროისათვის არ იქნება მიღწეული პროგრესი სამშვიდობოების საქმიანობაში, 2006 წლის 15 ივლისიდან პარლამენტი მოითხოვს მათი გაყვანას პროცედურის დაწყებას.


დადგენილება ასევე ავალებს საქართველოს მთავრობას შეიმუშავოს სამშვიდობო გეგმა აფხაზეთთან დაკავშირებით 2006 წლის 1 მაისისთვის. თბილისმა უკვე წარადგინა სამშვიდობო გეგმა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, თუმცა ანალოგიური დოკუმენტი აფხაზეთთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს.


დადგენილება მოიხსენიებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, როგორც “კრიმინალურ რეჟიმებს“ და “კლანურ დიქტატურას“ და რუსეთს სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის გზით “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიის“ გამო აკრიტიკებს.


დადგენილების პროექტი განსახილველად პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა წარმოადგინა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან, დეპუტატებთან – დავით ბაქრაძესთან, გიგა ბოკერიასთან, ნიკა რურუასთან ერთად იმ ჯგუფში იყო გაერთიანებული, რომელმაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან აქტიური კონსულტაციების პირობებში დადგენილების პროექტი მოამზადა.

დადგენილების პროექტზე მსჯელობისას გამოიკვეთა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია იზიარებს პოზიციას, რომ მოქმედი სამშვიდობო ფორმატები კონფლიქტების მოწესრიგების კუთხით არაეფექტურია, თუმცა მათ სხვადასხვა მიდგომები აქვთ სამშვიდობოების საქართველოდან გაყვანის თაობაზე.

მმართველი ფრაქცია სამშვიდობოების გაყვანას მხოლოდ იმ პირობებში უჭერს მხარს, თუ ისინი კონკრეტულ ვადებში მანდატით გათვალისწინებულ მოვალეობებს ვერ შეასრულებენ, ოპოზიციამ კი დადგენილებაში მათი გაყვანის მოთხოვნის დაყენება მოითხოვა.  თუმცა ამ მხრივ არც ოპოზიციაშია ერთიანი აზრი.


“კონსერვატორების“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა დადგენილების ალტერნატიული პროექტი წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების 2006 წლის 1 იანვრამდე  ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გაყვანას. თუმცა მისი წინადადება არ გაიზიარა უმრავლესობამ.


“ახალმა მემარჯვენეებმა“ ასევე დაუჭირეს მხარი სამშვიდობოების დაუყოვნებლივ გაყვანას. “რუსი სამშვიდობოების ყოფნა კონფლიქტის ზონაში არ უნდა გაგრძელდეს. კიდევ უფრო გაიზრდება პროვოკაციების რისკი, თუ ჩვენ ამ საკითხს [სამშვიდობოების გაყვანას] გადავდებთ“, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ პარლამენტის სხდომაზე.


თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა ოპოზიციის რადიკალური პოზიცია პოპულიზმად და პრაგმატიზმს მოკლებულად შეაფასეს. “გაყვანის პროცესი არ არის მარტივი და მას ძალიან კარგი მომზადება სჭირდება“, – განაცხადა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ, დადგენილების ერთ-ერთმა ავტორმა.


“რესპუბლიკელმა“ პარლამენტარებმა, რომელთაც ასევე არ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში, გააკრიტიკეს დადგენილება ძირითადად მისი ფორმის გამო. მათ მიაჩნდათ, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების განხილვა ერთიან კონტექსტში დაუშვებელია.


“ეს კონფლიქტები განსხვავებულია მათი განსახვავებული სამშვიდობო ფორმატის და განსხვავებული სტატუსის გამო“,– განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ “რესპუბლიკური” პარტიიდან.


“რესპუბლიკელებმა“ ასევე გააკრიტიკეს დადგენილების ავტორები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეებისთვის ნაკლები ყურადღების მიქცევის გამო. 


“დადგენილების პროექტში კონფლიქტების მოგვარების პრობლემა დაყვანილია საქართველო–რუსეთის ურთიერთობებამდე, სადაც გამორიცხულია აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეების როლი, რაც არასწორია“, – აცხადებს ივლიანე ხაინდრავა.


იგი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს კლანურ–კრიმინალურ რეჟიმებად სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებების მონათვლას,”ვის უნდა ვესაუბროთ კონფლიქტების მოგვარებაზე, თუ არა მათ?“, – აცხადებს ხაინდრავა.


კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.


“გულწრფელად მეგონა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ერთსულოვანი ვიქნებოდით ამ გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა ვფიქრობ, ეს უკეთესია [ოპოზიციის არმონაწილეობა], ვიდრე დადგენილების საწინააღმდეგოდ ხმის მიცემა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დადგენილების პროექტს “პროვოკაცია“ უწოდა, რომელიც “მოლაპარაკებების ფორმატის ჩაშლას“ ისახავს მიზნად.

Back to top button