
საქართველოს საბანკო სექტორი ძლიერდება
საქართველოს საბანკო სექტორი ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე, თუ არა ერთადერთი, წარმატებული სექტორია.
საქართველოს საბანკო სისტემა, რომელიც 21 ბანკს, მათ შორის 19 ქართულ და 2 უცხოური ბანკების ფილიალს, აერთიანებს სულ უფრო მიმზიდველი ხდება მისი განახლებული მენეჯმენტისა და მომსახურების ხარისხის გამო. მთელი საბანკო სისტემის საერთო აქტივების მოცულობამ 2005 წლის სექტემბრისთვის 2 მილიარდ 111 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ქართველი ექსპერტების ვარაუდით, ეს მაჩვენებელი შესაძლოა წლის ბოლოსთვის 2 მილიარდ 300 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს.
90-იანი წლების კრიზისის გადალახვის შემდეგ, როდესაც ბანკები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდებოდნენ და ამავდროულად ატყუებდნენ კლიენტებს, 2000-2001 წლიდან საბანკო დეპოზიტების მდგრადი ზრდა დაფიქსირდა. მხოლოდ 2005 წლის პირველ ნახევარში დეპოზიტების საერთო რაოდენობა 22%-ით გაიზარდა.
ექსპერტები ამ პროგრესს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდით, შემცირებული კომერციული რისკით და დასავლური სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესებული მენეჯმენტის და მომსახურების სისტემით ხსნიან.
“გადახდისუნარიან ბიზნესმენთა ფენის შექმნამ, რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი ფინანსური რესურსები და ასევე კრედიტუნარიანები არიან, შეამცირა რისკის ფაქტორი, რამაც თავის მხრივ, საგრძნობლად შეამცირა ვადაგადაცილებული და ანულირებული ვალები საბრუნავი აქტივების პორტფელში. ამ ფაქტორის გარეშე ჩვენ ვერ შევთავაზებდით საკრედიტო პროდუქტების ასეთ მრავალსახეობას“, – განუცხადა “საქართველოს ბანკის“ შიდა აუდიტორული დეპარტამენტის დირექტორმა ლევან კულიჯანიშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
მიუხედავად ბანკის წარმომადგენლების განცხადებისა, რომ რისკ-ფაქტორი შედარებით შემცირდა ბოლო წლების განმავლობაში, ის ჯერ კიდევ მაღალია. ბანკებს სწორედ მაღალი რისკის ფაქტორი მოჰყავთ მაღალი საპროცენტო განაკვეთების გასამართლებლად, რაც წელიწადში 11-12% აღწევს. ამ ციფრების წინააღმდეგ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის IFC გამოდის.
დავით ჭკადუა, დამოუკიდებელი ექსპერტი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიდან, ვარაუდობს, რომ რისკის ფაქტორი გადაჭარბებულია და თეორიულად არაადექვატურმა საპროცენტო განაკვეთებმა შესაძლოა პერსპექტივაში კრიზისი გამოიწვიოს, რადგანაც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 8%-ს შეადგენს.
“საპროცენტო განაკვეთები და ეკონომიკური ზრდა ადექვატური უნდა იყოს. როდესაც კლიენტი 15-16%-ს იხდის გირაოში და ეკონომიკური ზრდა 8%-ს შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ კლიენტების მიერ საპროცენტო განაკვეთებზე დახარჯული თანხა არ ანაზღაურდება მათი შემოსავლებით, რადგანაც შემოსავალი არ იზრდება იმავე რაოდენობით, როგორც საპროცენტო განაკვეთები“, – განუცხადა ჭკადუამ „სივილ ჯორჯიას.“
თუმცა, ბანკების ოფიციალური წარმომადგენლები ამ პრობლემას მნიშვნელოვან ყურადღებას არ უთმობენ, და სანაცვლოდ, საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი იმ წარმატების გამო, რომელსაც საბანკო სექტორმა ბოლო დროს მიაღწია.
“საბანკო სექტორის ამგვარი განვითარება მზარდი ტენდენციაა და ბანკები ეკონომიკის გარეშე ვერ განვითარდებიან, რადგანაც ისინი მისი შემადგენელი ნაწილები არიან. თუ ვითარდება ბანკები, შესაბამისად, ვითარდება ეკონომიკაც“, – განაცხადა კილიჯანიშვილმა.
2005 წელი ქვეყნის საბანკო სექტორში ინვესტიციების ზრდით გამოირჩეოდა. ბანკმა Australia Creditanstalt სექტემბერში “საქართველოს ბანკის“ აქციების 9,9% შეისყიდა, თუმცა ამ გარიგების მოცულობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
2005 წლის ზაფხულში რუსეთის “ვნეშტორგბანკმა“ “გაერთიანებული ქართული ბანკის“ საკონტროლო პაკეტი შეისყიდა, ხოლო ლონდონის საინვესტიციო ბანკმა ქართული “ინვესტბანკის“ აქციების 25% შეისყიდა. გარდა ამისა, აგვისტოში უკრაინულმა East Capital Bering ფონდმა 2,6 მილიონ აშშ დოლარად “საქართველოს ბანკის“ აქციების 5,5% შეისყიდა.
აგვისტოში ყაზახურმა ბანკმა “ტურანალენმა“ თბილისში ფილიალი მას შემდეგ გახსნა, რაც 5 მილიონ აშშ დოლარად “სილკ როუდ გრუფის“ საკონტროლო პაკეტი შეისყიდა.
ყაზახური ბანკის უმსხვილეს აქციონერებს შორის არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.
საქართველოს კომერციული ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, რადგანაც უმსხვილეს დასავლურ კომპანიებს ჩვეულებრივ ქვეყნის საბანკო სექტორში ურჩევნიათ ინვესტიციების ჩადება, რადგანაც მათ იგი “უფრო უსაფრთხოდ, მისაღებად და მოხერხებულად მიაჩნიათ“.
ადგილობრივ საბანკო ბაზარზე გამწვავებულმა კონკურენციამ ასევე ჩაუყარა საფუძველი მთელ რიგ ახალ, მოქნილ საბანკო მომსახურებებს და პროდუქტებს, ასევე არსებულის გაუმჯობესებას.
ქვეყანაში გაუმჯობესდა ელექტრონული გადახდის ხარისხი. საფუძველი ჩაეყარა კერძო საბანკო ინსტიტუტს. პლასტიკური საკრეტიდო ბარათების სისტემა იმდენად განვითარდა, რომ ქვეყნის მასშტაბით პენსიები და სახელმწიფო კომპენსაციები პლასტიკური ბარათების მეშვეობით გაიცემა.
ასევე ვითარდება სამშენებლო და სადაზღვევო კომპანიების ბანკებთან პარტნიორობის პრაქტიკა.
მაშ შემდეგ რაც “საქართველოს ბანკმა“ და “თი-ბი-სი ბანკმა“ ხელშეკრულებები დადეს საქართველოს წამყვან სამშენებლო კომპანიებთან, ხელმისაწვდომი გახდა გრძელვადიანი იპოთეკური სესხების აღება 13%-15%-იანი განაკვეთით. მაისში “თი-ბი-სი ბანკმა“ ასევე საფუძველი ჩაუყარა 20 წლიან იპოთეკურ სესხებს, ნაცვლად ათწლიანისა.
ბოლო დროს ასევე განვითარდა პარტნიორობა ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. ეს თანამშრომლობა ეხება ფინანსურ პროდუქტებს, რაც უფრო მოქნილ, იაფ სადაზღვევო და საბანკო მომსახურებას ქმნის ე.წ. “ერთი ფანჯრის“ პრინციპის ჩამოყალიბების გზით.
ბანკი “რესპუბლიკა“ საქართველოს წამყვანი სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ ერთ-ერთი მთავარი აქციონერი გახდა, მას შემდეგ რაც 2005 წლის სექტემბერში მან კომპანიის აქციების 50% შეისყიდა. თავის მხრივ, “ალდაგმა“ ბანკ “რესპუბლიკას“ მიერ დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია “სელბის“ აქციების 100% შეისყიდა.
“ადმინისტრაციული ბარიერები სავარაუდოდ მოხსნილია. სადაზღვევო სამსახურის დახმარებით, კლიენტებს გირაოს ძებნა აღარ სჭირდებათ. მათ ექნებათ საშუალება მიიღონ როგორც კრედიტი, ისე დაზღვევა “ერთი ფანჯრის“ საშუალებით“, – განუცხადა ბანკ “რესპუბლიკის“ საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა პაპაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
ასევე განვითარდა საფონდო ბირჟაც “საქართველოს ბანკის“ მიერ 2 მილიონი ლარის ოდენობის კორპორაციული ობლიგაციების განთავსების გზით, რომელთა მოქმედების ვადა ორ წელიწადს შეადგენს, ნომინალური ღირებულება კი 100 ლარს. კერძო ობლიგაციების ეს პირველი გამოშვება საბანკო დეპოზიტების ალტერნატივას და დამატებით ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს საფონდო ბაზარზე, რადგანაც წარსულში მიმოქცევაში მხოლოდ ე.წ. “სახაზინო ვალდებულებები“ იყო.