ფსოუ–ინგირის რკინიგზის ტექნიკურ შეფასებაში ქართველი ექსპერტებიც ჩაერთვებიან
საქართველო–რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის მიზნით ფსოუ-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის შეფასებითი სამუშაოები, რომელიც დღეს ქართველი, აფხაზი და რუსი ექსპერტების მონაწილეობით უნდა დაწყებულიყო, 17 ოქტომბრისთვის გადაიდო. უცნობია გადადების მიზეზები.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 17 ოქტომბრიდან სამივე მხარის ექსპერტები შეამოწმებენ 200 კმ-იან ფსოუ–ინგირის სარკინიგზო მონაკვეთს და შეადგენენ დოკუმენტს, სადაც გაიწერება რა სამუშაოების ჩატარებაა საჭირო აღნიშნული მონაკვეთის აღსადგენად.
აფხაზეთის გავლით საქართველო–რუსეთის სარკინიგზო მონაკვეთის ტექნიკური ექსპერტიზის შესახებ 15–16 ივნისს მოსკოვში გამართულ ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ. თუმცა 10 აგვისტოს დაწყებულ ამ პროცესის პირველ ფაზაში ქართულ მხარეს მონაწილეობა არ მიუღია, რადგან აფხაზურმა მხარემ არ დაუშვა სამი ქართველი ექსპერტი, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ.
This post is also available in: English (ინგლისური)