skip to content
ახალი ამბები

კოკოითი მზად არის განახლდეს მოლაპარაკებები

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, ოსური მხარე ყველაფერს გააკეთებს მოლაპარაკებათა “ოთხმხრივი [ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული, ჩრდილოეთ ოსური] ფორმატის შესანარჩუნებლად და მხარეებს შორის ნდობის განმტკიცებისთვის“.


ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ცხინვალში 7 ოქტომბერს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის დიმიტრი რუპელის სპეციალურ წარმომადგენელთან მირჩა დან ჯეოანისთან შეხვედრაზე განაცხადა.


ქართლ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მხარეებს შორის მოლაპარაკებები 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვის შემდეგ შეწყდა.

“თუ საქართველოს სურს მოლაპარაკებების გაგრძელება, მაშინ  ჩვენ მოვითხოვთ მოლაპარაკებების სტატუსის გაზრდას, რათა შეთანხმებებს ხელი მოაწერონ მათ, ვისაც ევალებათ ამ შეთანხმებების შესრულება“, – იუწყება 7 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ედუარდ კოკოითის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრის შესაძლებლობითაც დაინტერესდა, რაზეც დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ყველაფრის მიუხედავად” მზად არის შეხვდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.   


მირჩა დან ჯოანიმ განაცხადა, რომ იგი ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრის ორგანიზებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button