ახალი ამბები

თბილისს სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო პროცესის “უსამართლო” ფორმატის შეცვლა სურს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ მოსკოვში განაცხადა, რომ მალე საქართველო უარს იტყვის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების არსებულ სამშვიდობო ფორმატზე, რომელსაც “უსამართლო“ უწოდა.


ხაინდრავამ საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის“ ოფისში 29 სექტემბერს პრეს-კონფერენცია მას შემდეგ გამართა, რაც რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდა. ხაინდრავამ, რომელიც მოსკოვში ვიზიტად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გელა ბეჟუაშვილთან ერთად იმყოფება, გამგზავრებამდე განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციას სურს გაიგოს რუსეთის პოზიცია სამხრეთ ოსეთთან  მიმართებაში.


როგორც ხაინდრავა, ისე ბეჟუაშვილი მიესალმნენ რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან 28 სექტემბერს გამართულ მოლაპარაკებებს და მას “ძალიან ღია და გულწრფელი“ უწოდეს.  “ჩვენ დავაყენეთ საკითხები, რომელთაც ბატონი ივანოვი თავის ხელმძღვანელობასთან განიხილავს და ჩვენ ასევე მივიღეთ კითხვები, რომელიც სახლში [საქართველოს ხელმძღვანელობასთან] უნდა განვიხილოთ და გავაანალიზოთ“, – განუცხადა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ.


ქართულმა მხარემ სამი ძირითადი საკითხი დააყენა: მოლაპარაკებების ეფექტური ფორმატის შექმნა, ეფექტური სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფა და მოსკოვის მხრიდან სეპარატისტული რეგიონების იარაღით მომარაგების შეწყვეტა.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში არსებული სამშვიდობო ფორმატი არაეფექტურია და საქართველო ახალ ფორმატს მოძებნის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. 


“ვფიქრობ, ჩვენ აღარ დავუბრუნდებით შსკ-ს ფორმატს… შესაძლოა ეს დღეს არ მოხდეს, მაგრამ [ეს მოხდეს] შესაძლოა ხვალ“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ ხაინდრავას სიტყვებზე დაყრდნობით. იგი შსკ-ში ქართულ მხარეს წარმოადგენს.
 
მან შსკ-ს ფორმატს “აბსოლუტურად უსამართლო“ უწოდა. “ჩვენს წინააღმდეგ გამოდის სამი მხარე – რუსული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური“, – დასძინა მან.


შერეული საკონტროლო კომისია ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილეოთ ოსურ მხარეებს აერთიანებს. იგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1992 წლის შეთანხმების შესრულების მიზნით შეიქმნა.


მოსკოვი და შესაბამისად სამხრეთ ოსეთის მხარე, აცხადებს, რომ შსკ ერთადერთი ფორმატი უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის. თუმცა, ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის მხარემ დააყენა საკითხი შსკ-ს სტატუსის გაზრდის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისია უფრო მეტი უფლებამოსილების ოფიციალური პირებით უნდა დაკომპლექტდეს. 


მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ხაინდრავამ ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში ეუთოც არის ჩართული, თუმცა მისი “როლი მინიმალურია“.


ცხინვალის ოფისის და თავისი დამკვირვებლების საშუალებით ეუთო აგროვებს ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის თაობაზე, ასევე აკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ეუთომ, ისევე როგორც ევროკავშირმა უფრო გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშონ სამშვიდობო პროცესში.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 28 სექტემბერს გააკრიტიკა ეუთო და განაცხადა, რომ ეუთომ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. “ჩვენ ვერ დავიჯერებთ, რომ ეს [ეუთო] არის ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ჩვენი კონფლიქტების მოგვარება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეს-კონფერენციაზე თბილისში.


ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელმძღვანელობამ სამშვიდობო პროცესში აშშ-ის ჩართვის მნიშვნელობის შესახებ დაიწყო საუბარი. ხაინდრავას განცხადებით, ამჟამად დღის წესრიგში დგას სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო პროცესში აშშ-ს მონაწილეობის საკითხი და “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი მოგვარდება“.


ხაინდრავამ ასევე გააკრიტიკა კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო ფორმატი. კონფლიქტის ზონაში განთავსებული შერეული სამშვიდობო ძალები სამი ბატალიონისგან შედგება: თითო-თითო ბატალიონი ქართველი და რუსი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. მესამე ასევე რუსეთის მოქალაქეებითაა დაკომპექტებული, ოღონდ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკიდან.


ხაინდრავას თქმით, ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონი არ უნდა იყოს წარმოდგენილი სამშვიდობო ოპერაციებში.


მისი თქმით, თბილისში ასევე განიხილება სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის საკითხი, თუმცა რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონიდან შესაძლო გაყვანაზე საუბარი “ჯერ ძალიან ადრეა“. 


ამასთან დაკავშირებით ხაინდრავამ გაიხსენა 20 სექტემბერს ცხინვალში ჩატარებული სამხედრო აღლუმი, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. დემილიტარიზაციის შესახებ შეთანხმება უკრძალავს კონფლიქტის მხარეებს სამხედრო ტექნიკის შეყვანას კონფლიქტის ზონაში, რომელიც ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსზე ვრცელდება.

ხაინდრავამ რუსი სამშვიდობოები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ საშუალება მისცეს სამხრეთ ოსეთის მხარეს ტანკები და ჯავშანტექნიკა შეეყვანათ ცხინვალში 20 სექტემბერს. “სამშვიდობოებმა არ მოახდინეს ამ ტექნიკის კონფისკაცია, უფრო მეტიც, ისინი დაეხმარნენ სამხრეთ ოსეთის მხარეს ამ ღონისძიების [აღლუმის] მომზადებაში“, – განაცხადა ხაინდრავამ.


მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ რუსეთი პირდაპირაა ჩართული სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაციის პროცესში. მან აქვე დასძინა, რომ რეგიონი “რკინის მუშტად“ გადაიქცა.


ხაინდრავამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს არ აქვთ სურვილი გამოძიებულ იქნას 20 სექტემბერს ცხინვალში ჭურვების აფეთქების ფაქტი.


ინციდენტი, რომლის ავტორობას სამხრეთ ოსეთის მხარე თბილისს აბრალებს, მკაცრად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა თბილისს სასწრაფოდ იქნას გამოძიებული საქმე და დაისაჯონ ის პირები, ვინც ინციდენტის უკან დგას. თუმცა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ თავდასხმა პროვოკაცია იყო, რომელიც “მიზნად ისახავდა საქართველოს წარმოჩენას არასახარბიელო კუთხით“.


ამავე დროს, ჯერ კიდევ უცნობია, როდის განაგრძობენ კონფლიქტის მხარეები მოლაპარაკებებს, რომელიც ცხინვალის დაცხრილვის შემდეგ შეჩერდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button