ახალი ამბები

ცხინვალი აშშ-ს მოუწოდებს თბილისს ძალის გამოყენების წინააღმდეგ გაფრთხილება მისცეს

საქართველოში აშშ-ს საელჩოს სახელზე გაგზავნილ წერილში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს “გაფრთხილება მისცეს საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციების და [ცხინვალზე] რაიმე ტიპის სამხედრო ზეწოლის წინააღმდეგ“.


“ქართული მხარის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები რესპუბლიკის დაარსების 15 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს  პროვოკაციაა, რომელიც არღვევს ყველა შეთანხმებას, მათ შორის შეთანხმებას აშშ-ის მიერ ნაჩუქარი შეიარაღების შიდა კონფლიქტებში გამოუყენებლობის თაობაზე“, – განაცხადა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.


სამხრეთ ოსეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვის ფაქტი და ინციდენტში ქართული მხარე დაადანაშაულა.


დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგმო “სროლა ქართული მხრიდან“, რომელიც, ცხინვალის განცხადებით, 19 სექტემბრის დილას  ცხინვალის მახლობლად დაფიქსირდა. ამერიკული საიერიშო იარაღიდან M16-დან განხორციელებული სროლების შედეგად “ორი მოქალაქე დაიჭრა“, იტყობინება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამ ინციდენტზე ადრე ინფორმაცია არ გავრცელებულა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button