ახალი ამბები

ბურჯანაძე: სამშვიდობოებზე დადგენილება იქნება მწვავე

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ დადგენილება, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში რუს სამშვიდობოთა საქმიანობას ეხება, “მწვავე“ იქნება.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამშვიდობოებმა გამოიჩინეს სრული “უსუსურობა“, როცა სამხრეთ ოსურმა მხარემ დაარღვია 1992 წლიდან მოყოლებული ყველა შეთანხმება, მათ შორის ის შეთანხმებებიც, რომლის შესრულების გარანტიც თავად სამშვიდობოები არიან.


“სამშვიდობოები და მათი ხელმძღვანელი [მარატ] კულახმეტოვი, რომელიც განცხადებებს აკეთებს და ნოტას აგზავნის, თუ არ აღკვეთს მსგავს ქმედებებს, საქართველოს არ სჭირდება“, – განუცხადა 26 სექტემბერს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


გავრცელებული ინფორმაციით, დადგენილების პროექტით გარკვეული ვადა ეძლევათ სამშვიდობოებს ვითარების შესაცვლელად. “თუ არაფერი არ შეიცვალა, ჩვენ ვიმსჯელებთ მათი გაყვანის შესახებ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.


დადგენილების პროექტს, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოამზადა, დღეს აქტიურად განიხილავენ პარლამენტში მიმდინარე ყველა შეხვედრაზე.


27 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე იგეგმება ამ დადგენილების მიღება. მანამდე დადგენილების ტექსტს დეპუტატები კიდევ ერთხელ შეათანხმებენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button